საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სახელით მოასპარეზე ფიგურულ მოციგურავეებს შეხვდა.
პრეზიდენტმა შეხვედრაზე სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის.
„მე როგორც ყოფილმა სპორტსმენმა ვიცი თქვენი განცდები, რას ფიქრობთ, როგორია წინასწარი მომზადების თემა, მთელი კონცენტრაცია არის გამოსვლაზე. ჩვენი ხალხის სახელით, მინდა მადლიერება გამოვხატო, იმ სიხარულისთვის, რომელიც ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე განვიცადეთ და მივიღეთ. ეს დასაწყისია, უდიდესი საქმე გააკეთეთ. ხომ იცით ქართველებს როგორ უყვართ სპორტი და როგორი რეაქცია აქვთ გამარჯვებაზე და ეს დიდი პატივია თქვენთვისაც, რომ ამხელა სიხარული მიანიჭეთ ჩვენს ერს და ჩვენს ხალხს და ამისათვის კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თითოეულ თქვენგანს“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, სპორტსმენების წარმატება მაგალითი და მოტივაციაა ახალგაზრდებისთვის.
„დარწმუნებული ვარ ბევრი ბავშვი, გოგონები და ბიჭები, დაიწყებენ ფიგურულ სრიალზე სიარულს. ეს ყოველთვის გადამდებია . მარტო ის კი არ არის წარმატება, რომ თქვენ ჩემპიონები ხდებით, არამედ ეს არის იმის საფუძველიც, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ დაინახოს ეს წარმატება და სურვილი გაუჩნდეს სპორტზე სიარულის და თქვენ ხართ ამის მაგალითი“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.