ყველა კანონმდებლობაში ათას რამეს იპოვი, მაგრამ აქ მთავარია, კონკრეტული პრობლემა მოგვარდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „გრანტების შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილებები ემსახურება პროცესების გადაზღვევას, რათა ქართულ პოლიტიკაში ფული უკანონოდ არ შემოვიდეს.
„თითოეული ეს ცვლილება ნაკარნახევია იმ წინარე კონტექსტით, რაც ჩვენს ქვეყანაში იყო. როდესაც კანონმდებლობის მიღების კვალდაკვალ ვხედავდით მცდელობებს, თავიდან აერიდებინათ ამ კანონის ცხოვრებაში გატარება. ვიღებდით ერთ კანონს, ეძებდნენ მისი შემოვლის გზებს, ე.წ. საკანონმდებლო ხვრელებს. თუ კი რამეა ამ მიმართულებით დარჩენილი, რომ საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით ქართულ პოლიტიკაში ფული უკანონოდ შემოიტანონ, ახალი კანონები სწორედ ამ პროცესების გადაზღვევას ემსახურება“, – განაცხადა მახაშვილმა.
მისი თქმით, დონორები, დამფინანსებლები თუ მზად არიან კონკრეტულ პრობლემებზე მუშაობისთვის, მაშინ ახალი კანონმდებლობის შექმნის საჭიროება არ იქნება.
„ძაღლი ყეფს - ქარავანი მიდისო“, - როგორც იტყვიან. ჩვენი მიზანი ვიღაცის გულის მოგება არ არის. ჩვენი მიზანია საქართველოში კანონმდებლობის იმგვარად მოწესრიგება, რომ პოლიტიკაში უკანონო ფულის ბრუნვა თავიდან ავირიდოთ. ადრეც არაერთხელ გვითქვამს და მინდა, კვლავ გავიმეორო: მზად ვართ, ყველასთან დავსხდეთ და ვისაუბროთ. ოღონდ არა უბრალოდ საუბრისთვის ან დაჟინებული მუშტების რტყმისთვის, გააუქმეთ ესა თუ ის კანონი, არამედ იმ მიზნით, რომ კონკრეტული პრობლემა მოგვარდეს. თუ მზად არიან, განსაკუთრებით დონორები, რომ კონკრეტულ პრობლემაზე ვიმუშაოთ, რა თქმა უნდა, ახალი კანონმდებლობის შექმნის საჭიროება აღარ იქნება. კი ბატონო, კრიტიკა კრიტიკად, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ამ ადამიანებმა კონკრეტული გამოსავალი შემოგვთავაზონ. ყველა კანონმდებლობაში ათას რამეს იპოვი, მაგრამ აქ მთავარია, კონკრეტული პრობლემა მოგვარდეს. ჯერჯერობით მხოლოდ ცარიელი სიტყვები გვესმის და არა პრობლემის მოგვარების გამოსავალი“, – განაცხადა მახაშვილმა.