მთავარი პრინციპი არის, რომ საქართველოში თუ ხარჯავ პოლიტიკური შინაარსი მქონე ფულს, კეთილი ინებე და ქართველ ხალხს ჰკითხე, ჩვენ არავის კოლონია არ ვართ, აქ რომ ჩამოგვადგნენ და თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უცხოეთიდან უმეტესად „არასასიკეთო საკითხები ფინანსდება“.
„ეს იგივეა ოთახში ფეხით შეაღო კარები, შეხვიდე და დაუწყო, გინდა თუ არა, ეს ავეჯი აქეთ უნდა დავდგა, ეს აქეთ უნდა გადავდგა. ვინ ეკითხება ქართველი ხალხის თანხმობის გარეშე ვინმეს აქ პოლიტიკის დაფინანსება? ასე, რომ კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, მისთვის ეს სასიკეთოა თუ არა. არასასიკეთო საკითხები რომ ფინანსდება, ამის ყველაზე კარგი მაგალითია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანია. ფულს დახარჯავს ევროკავშირი იმაში, რომ ადამიანის ცოცხლად დაწვა კარგ საქციელად გამოაცხადოს და ამის რეკლამირება გააკეთოს. ჩვენ რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ასეთ ღირებულებებზე დაფუძნებული რაიმე სასიკეთოს გააკეთებს საქართველოსთვის“,-განაცხადა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამაც ამხილა სისტემა, უცხოური დაფინანსება და გრანტებიო გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური კონტროლის მოსაპოვებლად. შალვა პაპუაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ დახურა აშშ-მა USAID და „შეწყვიტა „რადიო თავისუფლების“ პროპაგანდის დაფინანსება“.
„სერგი კაპანაძე არის ყველაზე კარგი მაგალითი, როგორ ხდება გარედან ადამიანების ტრიალი იმისთვის, რომ ხან პოლიტიკაში მოიყვანონ, ხან ერთი კარიდან ატარონ და ხან მეორიდან. მე NGO-ში არ ვყოფილვარ და არც ირაკლი კობახიძე. ფაქტია, რომ ხდება გრანტის ფულის გამოყენება საქართველოზე მავნე ზემოქმედებისთვის. ამას ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ. ჩვენ ვნახეთ 2022 წლის ივნისში NGO-ები როგორ დააყენეს პარლამენტის წინ და ხელისუფლების დამხობას ცდილობდნენ“,-განაცხადა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ორგანიზაციებმა უნდა აირჩიონ, უცხოური ინტერესების გატარება უნდათ, თუ ქართველი ხალხის. „იმ ორგანიზაციებიდან, ვისაც აქვს ძირითადად უცხოური დაფინანსება, თუკი უნდათ, რომ პარტიული საქმიანობა გააგრძელონ, აიღოს „გაგრილების“ პერიოდი და ამის შედეგ მივიდეს პოლიტიკაში. აირჩიონ რა უნდათ, უცხოური ინტერესების გატარება, თუ ქართველი ხალხის. რაც შემეხება მე, მე არასამთავრობო ორგანიზაციაში არ ვყოფილვარ“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ რიგი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას გეგმავს. ცვლილება შევა „გრანტების შესახებ“ კანონში. უფრო კონკრეტულად, ზუსტდება გრანტის განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.