პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოსთან დაკავშირებით უტიფარ განცხადებას აკეთებს.
„ომის შიში ციდან ჩამოტანილი თემა არ არის. სანდუც და ყველა მისნაირი მხარს უჭერდნენ, რომ საქართველოში პროცესები განვითარებულიყო და სისხლი ისე დაღვრილიყო, როგორც უკრაინაში. იქნებ სანდუს ცოტა მაინც ამოესუნთქა. თავისი ქვეყანა გააუქმა. აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა არ არსებობს. საკუთარი ქვეყნის მიმართ მისი დამოკიდებულება როცა ასეთია, რასაკვირველია, არ უნდა ველოდოთ, რომ რაიმე პოზიტიურს იტყვის, მით უმეტეს, ანალიზზე დაყრდნობით იტყვის რამეს. კანდიდატ ქვეყნებს შორის მოლდოვა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა და რა დახმარება უშველის, არ ვიცი. სანდუს საკუთარ ქვეყანაში არც მხარდაჭერა აქვს, უმძიმეს მდგომარეობაში არიან პოლიტიკურად. ქვეყანას ჭამს კორუფცია, რომელიც წარმოუდგენელი მასშტაბებითაა. სიღატაკის ის დონე, რომელიც მოლდოვაშია, არ ტოვებს არანაირ შთაბეჭდილებას, რომ ოდესმე მისი რაიმე პოზიცია და ეკონომიკური მდგომარეობა იქნება გამოსწორებული. აქედან გამომდინარე, იცლის და ჩვენთან დაკავშირებით უტიფარ განცხადებას აკეთებს.
რუსეთის ფედერაცია ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას ახდენს და რეალურად საკმაოდ საფრთხის შემცველია გინდ სამხედრო, გინდ ეკონომიკური თვალსაზრისით. მან ეს ძალიან კარგად იცის. არ ვფიქრობ, რომ რაიმე ფასი აქვს მის განცხადებას. სულ რომ პოზიტიური განცხადებაც გააკეთოს, იმასაც ფასი არ აქვს, რადგან საკუთარი ქვეყანა არ წარმოუდგენია, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა. არ შეიძლება, მისი არც დადებითი და არც უარყოფითი განცხადება სერიოზულად იყოს აღქმული“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, დღეს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა.