ხვალ, 12 თებერვალს, გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები რიგით მოქალაქეებთან ერთად ახალი მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრებენ. ისინი მგზავრებს გაესაუბრებიან და მოისმენენ მათ აზრს ქალაქში მოძრავი ახალი სამგზავრო ავტობუსების შესახებ.
გორში მოსახლეობას შვიდი ახალი ავტობუსი ემსახურება. აღნიშნული ტრანსპორტი ქალაქის ქუჩებში პირველი თებერვლიდან გამოჩნდა და ქალაქში ოთხი სამარშრუტო ხაზის მიმართულებით მოძრაობს. გარდა ამისა, ერთი სამგზავრო ავტობუსი ხიდისთავის პროფესიული სწავლების ცენტრის სტუდენტებს ემსახურება.
ახალი ავტობუსებით მგზავრობის ღირებულება 30 თეთრია. ქალაქში აქამდე არსებული სამარშუტო ტაქსებისგან განსხვავებით, მოსახლეობისთვის ახალი მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ბევრად უფრო კომფორტული და მოსახერხებელია.
აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები 2009 წელს გორის მუნიციპალიტეტს თბილისის მერიამ გადასცა თხოვების ხელშეკრულებით. უახლოეს მომავალში იგეგმება სამგზავრო ავტობუსების გორის მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემა.