"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, სკოლის პედაგოგის ხელფასი მანდატურის ხელფასს სიმბოლურად მაინც უნდა აღემატებოდეს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვის დროს აღნიშნა.
"სკოლაში მთავარი არის მასწავლებელი და არ შეიძლება, მანდატურებს მათზე მეტი ხელფასი ჰქონდეთ. ამიტომ პედაგოგების ხელფასები ისე მაინც უნდა გაიზარდოს, რომ თუნდაც სიმბოლურად აღემატებოდეს მანდატურის ანაზღაურებას", - აღნიშნა ბაღათურიამ.
მისი თქმით, განათლების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს, რომ მანდატურებმა მასწავლებლისა და დირექტორის თანამდებობები ვერ დაიკავონ, რადგან მათ არა მარტო შესაბამისი განათლება, არამედ არც გამოცდილება აქვთ.
ბაღათურიას გამოსვლას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი პრიორიტეტია სკოლებში ბავშვებისთვის არა მხოლოდ ხარისხიანი განათლების მიწოდება, ასევე უსაფრთხო გარემოს შექმნა.
"მანდატურის ინსტიტუტი სკოლებში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი. სამწუხაროდ, მსოფლიოში ბავშვებს შორის აგრესია და დანაშაულის ჩადენის ფაქტები გაზრდილია და ჩვენ ვცდილობთ, რეაგირება დროულად მოვახდინოთ", - აღნიშნა ქურდაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებების თანხამად, კერძო სკოლებში მანდატურების ინსტიტუტი შედის, თუმცა საჯარო სკოლებისგან განსახვავებით, მათი სკოლაში შეყვანა სავალდებულო არ იქნება.