დღეს, 30 ნოემბერს, ევროინტეგრაციის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე ბრიუსელში გაემგზავრება.
ბარამიძის განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმებას ევროკავშირთან, რომელიც ლეგალური მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრები ქართველების დასაქმებას შეეხება.
"საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ევროპაში ლეგალურად დასაქმდნენ", -Gგანმარტა ბარამიძემ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ~პარტნიორობა მობილურობისათვის~ ინიციატივა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად გადაადგილების და, მათ შორის, დასაქმების ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. აღნიშნული ინიციატივა ე.წ. ~ცირკულარული მიგრაციის~ საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს მომავალში დაეხმარება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში (დაახლოებით 4-6 წელი) ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გამოყენებაში. აღსანიშნავია, რომ ინიციატივა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურ დასაქმებასთან ერთად სწავლის, ტრეინინგების გავლის შესაძლებლობასა და აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ მათ საქართველოში აუცილებლად დაბრუნებას და რეინტეგრაციას ითვალისწინებს.
ამასთან, ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან არალეგალური მიგრაციის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით, ასევე, მჭიდრო თანამშრომლობას ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.