ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძით ჩანაცვლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
ფავლენიშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა „უახლოეს მომავალში გამოჩნდება“ და დასმულ კითხვებს თავად უპასუხებს.
„ძალიან ბევრი ჭორი მოდის „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება თინა ბოკუჩავას, მას ძალიან მალე იხილავთ, გექნებათ საშუალება, თავად დაუსვათ კითხვები და თვითონაც იმავეს გიპასუხებთ. გამოჩნდება უახლოეს მომავალში, შეიძლება დღესაც. ეს არის ჭორი, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს და თავად თავმჯდომარეც არ დაგტოვებთ კომენტარის გარეშე.
ჭორებია, რომ პარტიაში დაპირისპირებაა და ვინმე ვინმეს ებრძვის. რაც შეეხება მდგომარეობას, ყველამ ვიცით, რომ დიდი ზეწოლა მიმდინარეობს ყველა პოლიტიკურ ძალაზე და არამხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ამიტომ არის, მათ შორის, ტექნიკური პრობლემები. როცა ბიზნესმენები არიან დაშინებულები და აკრძალული აქვთ ოპოზიციური პარტიების დახმარება, არ არსებობს სახელმწიფო დაფინანსება, სხვადასხვა ტიპის ზეწოლა მიმდინარეობს და ამდენი პოლიტიკური პატიმარია – ტექნიკური პრობლემები არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.