საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს გააგრძელებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც თარგამაძემ აღნიშნა, შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში მოსვლისას დაგეგმილ დებატებისთვის გაიმართა, რათა ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არასამთავრობო სექტორიდან მიეღოთ.
უმცირესობის ლიდერის განაცხადებით, მართალია მისი ფრაქციისთვის ბევრი პრობლემა ცნობილი იყო, მაგრამ არასამთავრობო სექტორიდან და ექსპერტებისგან, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ "ქრისტიან-დემოკრატებმა" ანალოგიური შეხვედრა 9 თებერვალს ეკონომიკის სფეროში მომუშავე ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართეს.