პრეზიდენტის გამოსვლა ქართველი ხალხისთვის არის კარგი, რომ დაინახონ, ვის რა გეგმები და ხედვა ქვეყნის განვითარების კუთხით.
ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში ყოველწლიური მოხსნებით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
"ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმ გეგმებზე და გამოწვევებზე ისაუბრებს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და როგორ აპირებს სახელმწიფო ამ გამოწვევების დაძლევას", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით დებატების ერთგვარი ტრადიცია დამკვიდრდა, რომელიც საშუალებას აძლევს დეპუტატებს კითხვები დასვან და მასზე პრეზიდენტის მხრიდან პასუხები მიიღონ.
"ეს არის ერთგვარი ინტერაქტიული საუბარი ოპოზიციას, მთლიანდა პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის რაც საბოლო ჯამში ჩვენი ხალხისთვის არის კარგი, რომ დაინახონ ვის რა ხედვა და გეგმები აქვს ქვეყნის განვითარებისთვის", - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით ხვალ წარდგება. შემდეგაც დებატებია დაგეგმილი.
პრეზიდენტ სააკაშვილს საკანონმდებლო ორგანოში 18:00 საათზე ელოდებიან.