საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, გია ნაცვლიშვილმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს, პერე მიროს და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ დირექტორს, ურს ლაკოტს ნოდარ ქუმარიტაშვილის საქმესთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა.
"ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ წერილს:
"გვსურს კიდევ ერთხელ დავადასტუროთ პატივისცემა თქვენს მიმართ და გამოვხატოთ საქართველოს ეოკ-ის მადლიერება თქვენი მუდმივი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის.
მაშინ, როდესაც ყველანი ვზრუნავთ ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნის უკვდავყოფაზე, რათა აშენდეს მის მშობლიურ დაბა ბაკურიანში ხელოვნური საციგაო ტრასა, შეიქმნას ციგის საერთაშორისო ახალგაზრდული საწვრთნელი ცენტრი და გატარდეს სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, CBC -ის კანადური ტელეარხი მთელს მსოფლიოს აცნობს სენსაციურ მასალას, რომელიც დაკავშირებულია საციგაო ტრასის უსაფრთხოების ასპექტებთან. (გთხოვთ ინფორმაციისთვის იხილოთ თანდართული ლინკი: http://www.cbc.ca/canada/story/2011/02/06/vanoc-luge-track406.html ).
CBC -ის მიერ ჩატარებული გამოძიება დიდ წინააღმდეგობაშია ციგის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოცემულ ოფიციალურ დასკვნასთან "ზამთრის XX ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენის ნ. ქუმარიტაშვილის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით ვისტლერის საციგაო ცენტრში ოფიციალური ვარჯიშის პერიოდში", რომელიც სოკ-ს წარუდგინეს.
ამ წერილით გვსურს თქვენი ყურადღება მივაქციოთ და შესაბამისი კომენტარი გთხოვოთ გარკვეულ საიდუმლო მიმოწერასთან დაკავშირებით საორგანიზაციო კომიტეტსა და საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციას შორის ტრასის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც CBC -ის კანადურმა ტელეარხმა გამოავლინა. ინფორმაცია ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში ზემოაღნიშნული ლინკით, რომელშიც ორგანიზატორები და საერთაშორისო ფედერაცია თავიანთ შეშფოთებას გამოთქვამდნენ საციგაო ტრასის უსაფრთხოების შესახებ, კერძოდ VANOC -მა 2009 წლის მარტში მიიღო FIL-გან წერილის ასლი, რომელშიც მიმართავდნენ ტრასის დიზაინერს და შიშს გამოთქვამდნენ მასზე განვითარებულ სიჩქარეებთან დაკავშირებით. ვებ გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია მოიცავს სხვადასხვა ოფიციალური პირების მიერ გამოთქმულ ციტირებებს.
თქვენი მხრიდან გამოქვეყნებული დეტალების გაცნობამდე გვსურს თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ ამ სიახლემ დიდი შეშფოთება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში და ჩვენს მასობრივი ინფორმაციის წყაროებში, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა უკვე მიიღო საგამოძიებო კომისიის ოფიციალური დასკვნა ტრაგედიის დეტალებთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულ გამაფრთხილებელ მიმოწერასთან დაკავშირებით ტრასის სიჩქარესა და უსაფრთხოებაზე არაფერია ნახსენები.
საქართველოს ეოკ-ის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართეს ადგილობრივმა და საერთაშორისო მედია საშუალებებმა, რათა კომენტარი გაეკეთებინა გამოქვეყნებულ მასალაზე. საზოგადოება და რასაკვირველია ოლიმპიელის ოჯახი მოითხოვს დამატებით განმარტებას შესაბამის მიმოწერებში ტრასის უსართხოებასა და სიჩქარესთან დაკავშირებით გამოთქმულ საფრთხეზე.
გვჯერა,რომ გაგებით მოეკიდებით შექმნილ ვითარებას და შესაბამის კომენტარს მოგვაწოდებთ ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით. ჩვენი ვალია სიმართლის დადგენა", - წერს გია ნაცვლიშვილი წერილში.