შარშან, დეკემბერში, როდესაც მოძალადეები საქართველოს გადაწვას ცდილობდნენ, შსს-ს განცხადება იყო, რომ სპეციალური საშუალებები გამოიყენება, შს სამინისტროს მიმართონ და გაერკვნენ, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რომელიც ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისრის, მაიკლ ო’ფლაერტის საქართველოს გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძისთვის გაგზავნილ წერილს შეეხებოდა.
„შსს-ს განცხადება იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში წყლის ჭავლში შესაბამისი ნივთიერებების გარევაც ხდება. ახლა ეს ადამიანი ამბობს, რომ იანვარში შეხვედრა მქონდა და მითხრეს, არაფერია შერეულიო. როცა სამინისტროს საჯარო განცხადება ჰქონდა, რა ინტერესი ან აზრი უნდა იყოს ჩადებული, რომ სხვას სხვა რამე უთხრას?“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, შსს-მ თქვა, რომ მოძალადეები უნდა შეაკაონ, ბრიუსელის დაფინანსებულ ადამიანებს პარლამენტის დაწვის საშუალება არ მისცენ, სოციალურ საშუალებებს იყენებენ, მათ შორის ნივთიერებების წყალში გარევის გზით.
„არ ვიცი, ვინ როგორ დაიკარგა თარგმანში და ვინ რა გაიგო. შეუძლიათ, შს სამინისტროს მიმართონ და გაერკვნენ. ხომ იცით, რომ შს სამინისტროს ეს განცხადება დეკემბერში ჰქონდა გაკეთებული და ახლა აზრი რაშია? რა ინტერესი ან ტაქტიკა უნდა იყოს, რომ ორი თვის შემდეგ, იანვარში სხვა რაიმე თქვა? ვინმე თუ ამტკიცებს, რომ რაღაც სხვა უთხრეს, ან რაღაც ვერ გაიგო, არ ვიცი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისათვის, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაჰერტი გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძისთვის გაგზავნილ წერილში წერს:
„2025 წლის იანვარში საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დამარწმუნა, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლი არ ყოფილა გამოყენებული.
მას შემდეგ არაერთმა თანამდებობის პირმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, აღიარეს, რომ წყალში ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული, - თუმცა არა ისეთი ტოქსიკური ნივთიერება, რომელსაც ჯანმრთელობისთვის შესაძლო გრძელვადიანი შედეგები მოჰყვებოდა, რაზეც ახლახან მედიაში გავრცელებულ რეპორტაჟში იყო საუბარი“.