უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ ჰააგაში უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიის დაფუძნების შესახებ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ გუშინდელ შეხვედრაზე უკრაინისთვის ბევრი რამ მოულოდნელი იყო. ავტორისთვის ერთ-ერთი ასეთი მოულოდნელობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობა და სიტყვით გამოსვლა აღმოჩნდა.
"საქართველოსგან ასეთი რიტორიკის მოსმენა ნამდვილად მოულოდნელი იყო" - ნათქვამია სტატიაში
"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი პირადად ჩავიდა ჰააგაში. მან უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა, კიევსა და თბილისს შორის დაძაბული ურთიერთობების შესახებ კი არაფერი უთქვამს, რომელიც სულ უფრო და უფრო იძაბება საქართველოს ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის გამო. და ბოლოს, საქართველომ ანტირუსულ კონვენციას ყოველგვარი კომენტარისა და დათქმის გარეშე მოაწერა ხელი.
უფრო მეტიც, ქართველებმა ჰააგაში თავიანთი ჟურნალისტების ჯგუფი გაგზავნეს, რათა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ქმედების შესახებ რიგით ქართველ მაყურებელსაც გაეგო.
რა დგას ამ ჟესტის უკან - გაურკვეველი რჩება. გარკვეულწილად, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება, გეგმავს თუ არა საქართველოს პარლამენტი შეთანხმების სწრაფად რატიფიცირებას, თუ მხოლოდ ხელმოწერით შემოიფარგლება და მოსკოვის შემდგომ გაღიზიანებას მოერიდება.
აქვე უნდა დავამატოთ, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც დოკუმენტს შეუერთდა.
აზერბაიჯანმა და სომხეთმა საერთოდ უგულებელყვეს ჰააგაში გამართული შეხვედრა; თურქეთმა საელჩოს თანამშრომელი გაგზავნა მოსასმენად, მაგრამ ხელი არაფრისთვის მოუწერია“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს ეგიდით, უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა.
კონვენციას, რომელიც აფუძნებს უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას, საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
დიპლომატიურ კონფერენციას 50 ქვეყნის ლიდერი და მაღალი დონის წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ, და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, დიკ სჰოფი.