დღეიდან, 10 თებერვლიდან, მთავრობა ენერგოვაუჩერების დარიგებას იწყებს.
როგორც 9 თებერვალს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ენერგეტიკის მინისტრმა ალექსადრე ხეთაგურმა განაცხადა, პროექტის დასაფინანსებლად ბიჯეტიდან გამოყოფილია 20 მილიონი ლარი.
ენერგოვაუჩერს 1 მილიონამდე აბონენტი მიიღებს.
მინისტრის თქმით, ენერგოვაუჩერი იძლევა შესაძლებლობას, პირმა, სურვილის შემთხვევაში, ის ნებისმიერ ადამიანს გადასცეს.
"გლობალური ეკონომიკური კრიზისი აისახა ფასებზედაც, რამაც თავისთავად ასახვა პოვა საქართველოში სურსათის გაძვირებაზე. მთავრობა პრეზიდენტის დავალებას ვასრულებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ ამ შედეგების მინიმალიზაცია მოვახდინოთ", - განაცხადა ხეთაგურმა.
ხეთაგურის განმარტებით, ვისაც სურს, რომ საკუთარი ვაუჩერი გადასცეს სხვას, ვაუჩერზე უნდა მიუთითოს იმ პირის სახელი და გვარი და ის კოორდინატები, რომელიც ვაუჩერის ინსტრუქციაზეა დატანილი. შესაბამისად, თანხა სხვა პირის ანგარიშზე ჩაირიცხება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე ურუშაძემ განაცხადა, ვაუჩერების დასარიგებელდ სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან გამოყოფილია 2 500-მდე სოციალური მუშაკი, რომლებიც ამ ვაუჩერების დარიგებას უზრუნველყოფენ.
ცნობილი ხდება ისიც, რომ ენერგოვაუჩერებს მიიღებენ მხოლოდ ის აბონენტები, რომლებმაც ბოლო 6 თვის განმავლობაში 200 კილოვატზე მეტი ელექტროენერგია მოიხმარეს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ხეთაგური ასახელებს იმ ფაქტს, რომ ხშირია დაკეტილი ბინები.
კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები ვაუჩერებს მიიღებენ ფულადი სახით.
როგორც ხეთაგური განმარტავს, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებს ელექტროენერგიის საფასურს მთავრობა ისედაც ფარავდა. ახლა კი დევნილები თანაბარ პირობებში რომ ჩადგნენ, მთავრობა მათ ფულადი სახით აძლევს 20 ლარს, რომელსაც ისინი სურვილისამებრ გამოყენებენ.
აღსანიშნავია, რომ ენერგოვაუჩერების გადაცემა ერთი პირიდან მეორე პირზე მხოლოდ 1-ელ ივლისამდეა შესაძლებელი.