არც მტერს და არც მოყვარეს არაფერი ესაქმება ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, ერთნაირი სტანდარტი მოქმედებს ყველას მიმართ, ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა გულისხმობს, რომ ხალხი თავად წყვეტს საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს და მმართველობის საკითხებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა, სადავოა თუ არა, რომ ევროკავშირი ერევა ქართულ შიდა საქმეებში, რადგან ოპონენტები ამბობენ, ეს არის მეგობარი სახელმწიფოების აქტიურობა საქართველოსთვის, ქვეყანაში დემოკრატიის გადასარჩენად.
„დამოუკიდებლობა იმიტომ მოვიპოვეთ, რომ არ გვინდოდა, საბჭოთა მოსკოვი ჩარეულიყო ჩვენს შიდა საქმეებში. საბჭოთა მოსკოვს კი ავცდით ამ მხრივ, გავითავისუფლეთ თავი, მაგრამ ამის საპირწონედ ვიღაცამ რატომ ჩათვალა, რომ ტალინი უნდა ჩაერიოს, ვილნიუსი უნდა ჩაერიოს, ბერლინი უნდა ჩაერიოს და რა ვიცი, რა გამოლევს დედაქალაქებს, 27 ქვეყანა არის ევროკავშირში. ყველა დედაქალაქმა თუ მოინდომა, ქართველები თავის ჭკუაზე ატაროს, ეს საბჭოთა კავშირი კი არა, უარესი გამოდის. იქ ერთი მისამართი იყო, ვიცოდით, ვისთან გვქონდა საქმე და ახლა ყველა, დიდი და პატარა რატომღაც ფიქრობს, რომ ქართველებს ჭკუა უნდა ასწავლოს, მათ შორის ის ქვეყნები, რომელთა დამოუკიდებლობა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის ისტორიულადაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამერიკა დღეს რაშიც ამხელს ევროკავშირს, ყველაზე კარგად გამოჩნდა საქართველოსთან დამოკიდებულებაში.
„ყველაზე კარგად გამოჩნდა ევროკავშირის ფარისევლობა საქართველოსთან დამოკიდებულებაში, როდესაც გამოხატვის თავისუფლების ლოზუნგით აქ სიტყვის თავისუფლებას გვიხშობენ. სინამდვილეში კეტავენ ყველანაირ განსჯას, დიალოგს, დისკუსიას, ყველაფერი ჩაკეტეს ზუსტად ევროკავშირის ხელით, მათი „ენჯეოების“ და პარტიების ხელით. ის, რასაც ჰქვია იდენტობის წაშლა, ზუსტად ეს ხდებოდა საქართველოში, მათ შორის ლგბტ პროპაგანდის დაფინანსებით ევროკავშირის ბიუჯეტიდან. აშშ-ის ადმინისტრაცია ევროპას უყენებს პრეტენზიას, რომ მშვიდობის ნაცვლად ლამის კონფლიქტის ზონად იქცა. ჩვენ ვხედავთ, რომ ემზადებიან ომისთვის. ზუსტად ამას ვხედავდით ჩვენ საქართველოში, რომ ნაცვლად დემოკრატიული თანაცხოვრებისა, კონფლიქტის გაღვივება ხდება, მათ შორის ქართველებს შორის ევროკავშირის დაფინანსებით. ყველა ეს მავნე გამოვლინება ნათლად ვიხილეთ საქართველოსთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, ევროკავშირი დღევანდრლი ლიდერების ხელში დგას ცივილიზაციური წაშლის წინაშე. პირდაპირ იყურება ცივილიზაციურ უფსკრულში. ვხედავთ, რომ საომარი რიტორიკა იქცა ყოველდღიურობად ევროკავშირში. ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა მშვიდობისთვის, დღეს არის გამალებული შეიარაღების პოლიტიკის მწარმოებელი. ლიდერები საუბრობენ, რომ აგერ ცოტა ხანში ომი ექნებათ რუსეთთან. ამ რიტორიკაში არის დღეს ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობას უნდა ემსახურებოდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.