სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 19-20 ივნისს ძალადობრივი აქცია იმართებოდა, სადაც პარლამენტის შენობაზე პირდაპირ შტურმი მიმდინარეობდა. სტრასბურგის სასამართლომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ საპოლიციო საშუალებების გამოყენება ლეგიტიმურად მიიჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„ასევე, დარღვევა დაადგინა, რომ არ არის დროულად გამოძიებული და შესაბამისი პირები არ არიან პასუხისგებაში მიცემული, ვისი საშუალებითაც ადამიანებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა. მაგალითად, მაკო გომურს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოძიება დაიწყო. გახარია გაქცეულია გემანიაში და მას დაუსწრებლად ბრალი წარედგინა. გახარია თავად აღიარებდა, რომ იგი სრულად იღებდა პასუხისმგებლობას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. გახარია პასუხისმგებლობას გერმანიაშია გაქცეული და გერმანული მხარისგანაც სტიპენდიას იღებს. საინტერესოა, რა განცხადებას გააკეთებს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში არაერთხელ მხილებული გერმანიის ელჩი? მნიშვნელოვანია რომ ყველა პირი, რომელსაც ბრალი მიუძღვის ადამიანის უფლებების შელახვაში, მხილებული იყოს ისევე, როგორც მხილებულია გიორგი გახარია. მნიშვნელოვანია, რომ გიორგი გახარია, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ ქვეყანას, გერმანიას აფარებს თავს და იქ არის სტიპედიანტი, დაბრუნდეს საქართველოში და სრული პასუხისმგებლობით აგოს პასუხი კანონის წინაშე“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქმეში „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სახელმწიფომ ორ განმცხადებელს მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 75,000 ევრო უნდა გადაუხადოს, ხოლო კიდევ ორს 85,000 ევრო.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ყველა მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის სხვადასხვა რაოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს.
ამასთან, სახელმწიფომ 22 მომჩივანს ხარჯების ასანაზღაურებლად 38,414.99 ევრო უნდა გადაუხადოს.
სახელმწიფომ მომჩივნებს ზარალი გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი თვის ვადაში უნდა აუნაზღაუროს.