ALDE, ისევე როგორც BBC, „გლობალური ომის პარტიის“ ერთ-ერთი შემადენელი ნაწილია, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა „ბიბისი“ ამხილა, მისი ხელმძღვანელობა ტყუილების გამო გადადგა და ბოდიში მოიხადა.
„როგორ შეიძლება, ასეთ საშუალებას ენდო და თქვა, რომ სიმართლე გაავრცელა? BBC-ის მოვუწოდებთ, რაიმე მტკიცებულება წარმოადგინოს. ბუნებრივია, ALDE „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენელია და ამიტომ საქართველოსთან მიმართებაში შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ. საჯაროდ აღიარებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ელისაშვილთან დაკავშირებით იძულებული გახდნენ, ეთქვათ, რომ ამ აქტს ემიჯნებიან. „შერცხვას“ ვერ ვიტყვი, რადგან აქ სირცხვილი არაფერ შუაშია. საჯაროდ აღიარებული მტკიცებულებები არსებობს და, რაც მთავარია, ელისაშვილის მიერ არის ეს ყველაფერი აღიარებული. ამას გაემიჯნენ, მაგრამ შემდეგ მოაყოლეს, რომ აქციების რადიკალურ დარბევებს ემიჯნებიან, რაც არ ყოფილა. თავად თქვეს, რომ არავის გამოუკვლევია და საერთოდ არ იციან, არის თუ არა ქიმიური იარაღი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
დღეს ALDE-მ ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ არ ამართლებენ ამ ქმედებებს.
„რა თქმა უნდა, პარტია ALDE არ ამართლებს ამ ქმედებებს, ეს თავისთავად ცხადია. ისევე, როგორც ჩვენ არასდროს ვამართლებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას ან მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას“, – წერს ALDE .