საქართველოში მრეწველობის დარგების განვითარების შემთხვევაში, განვითარებული ეკონომიკის დროს, გაყიდვებიდან შემოსული თანხა 20 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ამის შესახებ ეკონომიკის საკითხებში ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრისას განაცხადა.
"საქართველოში მთლიანად მკვდარია არამადნიანი საბადოებო, ქიმიური ნედლეული. ასკანის საბადოებზე მსოფლიოში საუკეთესო ნედლეულზე ლიცენზია გადავეცით ბერძნულ კომპანია "სილვერ ენდ ბერაითის", რომელიც საბერძნეთში ბენტონიტეტის ძირითადი მწარმოებელია. მათ ჩვენს ქვეყანაში ჩაკლეს ეს დარგი, რომ თავიანთი იაფი და ცუდი ხარისხის ნედლეული გაყიდონ", - აღნიშნა თვალჭრელიძემ.
მისი თქმით, დღეისთვის საქართველოში მკვდარი დარგების უზარმაზარი სია არსებობს.
ექსპერტმა მაგალითად მოიყვანა ის, როდესაც საქართველოში საკრამიტედ და სააგურედ ყველაზე კარგი თიხის საბადოებია, უხარისხო კაფელი და მეთლახის ფილები ქართულ ბაზარზე თურქეთიდან შემოდის, მაშინ, როცა ადგილობრივი წარმოების განვითარების შემთხვევაში ხარისხი და ფასი შესაძლოა ორჯერ უკეთესი იყოს.
"არ შეიძლება საქართველოში არსებობდეს გაჯისა და თაბაშირის 37 საბადო და ჰერმეტიკულ პასტებს თურქეთში ვყიდულობდეთ. ასევე ქვეყანაში გქონდეს უნიკალური ხის ჯიშები, მორები თურქეთში გასაყიდად გაგქონდეს და ქაღალდს არ აწარმოებდე", - აღნიშნა ეკონომიკის საკითხებში ექსპერტმა.
მისი თქმით, ამ დარგების წარმოების განვითარებას დიდი თანხა არ სჭირდება და თუ 6 წლის განმავლობაში ინვესტირება მოხდება, მრეწველობიდან 20 მილიარდი დოლარის გაყიდვები იქნება.