პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატების" ექსპერტებთან შეხვედრისას ეკონომიკის ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ სამთო საქმის განვითარებზე ისაუბრა.
"ვაცხადებთ, რომ დასავლეთისკენ მიმართული ქვეყანა ვართ, არა და ამ დროს რესურსების კლასიფიკაცია ძველი რუსული, საბჭოური გვაქვს და დასავლურ კლასიფიკაციაზე არ გავდივართ. საქართველოში არსებობს რუსულიდან გადაკეთებული კანონი წიაღის შესახებ, რომელსაც მრავალი არასწორი და არასისტემური შესწორება შევიდა. ამასთან, სამთო კოდექსი არ არსებობს, რომელიც რესურსების დამუშავებამდე მისი კაპიტალიზაციის შესაძლებლობას მოგვცემდა", - აღნიშნა თვალჭრელიძემ.
ექსპერტის თქმით ინვესტორების ჩამოყვანა შეუძლებელია, რადგან კარგი საბადოების ლიცენზიები ს.ს. მადნეულს აქვს აღებული.
"37 საბადოზე ლიცენზიაში მას კაპიკიც არ აქვს გადახდილი და აქედან მხოლოდ ორ საბადოს ამუშავებს, ხოლო 35 ლიცენზია უმოქმედოა, არა მხოლოდ ბოლნისის რაიონში, ასევე რაჭაში, აჭარაში, გურიაში და ა.შ. ეს ლიცენზიები აღებულია იმისთვის, რომ კონკურენცია არ შეიქმნას", - აღნიშნა თვალჭრელიძემ.
მისივე განმარტებით, ანტიმონოპოლიური სამსახურის არსებობის შემთხვევაში ხუთი წლის განმავლობაში უმოქმედო ლიცენზიები ახლა უკვე გაუქმებული იქნებოდა და სახელმწიფო მისი აუქციონზე გატანით დამატებით შემოსავალს მიიღებდა.
როგორც თვალჭრელიძე აღნიშნავს, არსებულ საბადოებზე ოქროს მოპოვების გაზრდა ათჯერ არის შესაძლებელი, რადგან დღეისთვის ს.ს. მადნეული 100 ათასს უმცია ოქროს მოიპოვებს, რომლიდანაც კომპანიას სუფთა მოგების სახით 200 მილიონი დოლარი რჩება.
"მადნეულს აქციების სრულ პაკეტს რუსული კომპანია "გეო პრომაინინგი" ფლობს და ამიტომ მოგების 100% რუსეთში რჩება. ამ დროისთვის მათმა საერთო მოგებამ უკვე 2 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა ჩვენი ხელისუფლება ამაყობდა, რომ მადნეული 57 მილიონ დოლარად გაყიდეს" ,- აღნიშნა მან.