საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია ციხის საავადმყოფოში რჩება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მისმა ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
"ცოტნე აგრძელებს შიმშილობას და უარს აცხადებს ამ აქციის შეწყვეტაზე. თუმცა ის ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება", - განაცხადა ბექაურმა, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი გუშინ მოინახულა.
რაც შეეხება გამსახურდიას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანას, რომელსაც ადვოკატი დაჟინებით მოითხოვდა, ბექაური განმარტავს, რომ ამაზე უარი თავად მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა განაცხადა.
"ცოტნე გამსახურდიას არ გამოუთქვამს პროტესტი იმის გამო, რომ ის ციხის საავადმყოფოში იმყოფება", - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ გამსახურდია უკვე ერთ თვეზე მეტია შიმშილობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო ის 27 ნოემბერს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.