ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიისა და უნგრეთის საელჩოს წარმომადგენლებმა ქუთაისის № 2 საპყრობილე და ქუთაისისა და ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროები მოინახულეს.
ვიზიტი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნით, სამინისტროს ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც უცხოელი პარტნიორებისათვის რეგულარული გაცნობითი შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს.
ახლადგარემონტებული №2 დაწესებულება, რომელიც 4 კორპუსისგან შედგება და 1900 მსჯავრდებულზეა გათვლილი, სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. დაწესებულებაში თანამედროვე აპარატურით, მათ შორის მინი ქირურგიული, სტომატოლოგიური კაბინეტებითა და ყველა საჭირო მედიკამენტით აღჭურვილი სამედიცინო განყოფილება მოქმედებს. ნარკოტიკებზე დამოკიდებული მსჯავრდებულებისთვის კი ფსიქოლოგიური სარეაბილიტაციო პროგრამა "ატლანტისი". პროგრამაში ჩართული მსჯავრდებულებისთვის ჯგუფური თერაპიის, ინდივიდუალური გასაუბრებისა და სპორტული ოთახებია მოწყობილი, ცალკეა საშხაპე და საეკლესიო კუთხე. მორწმუნე მსჯავრდებულებისთვის დაწესებულებაში ეკლესია მოქმედებს, ხოლო ხატწერით დაინტერესებული პატიმრებისთვის სპეციალური ოთახია გამოყოფილი. მუშაობს მაღაზია, ბიბლიოთეკა, უახლოეს მომავალში კი კომპიუტერის შემსწავლელი კურსები გაიხსნება.
დაწესებულების გარდა, სტუმრებმა იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის რეგიონალური ბიუროები მოინახულეს ქუთაისსა და ზესტაფონში. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ირაკლი კობიძემ და ბიუროების თანამშრომლებმა სტუმრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს მათი საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა, გააცნეს სტატისტიკური მონაცემები ბიუროების თანამშრომლების მიერ გაწეული უფასო საადვოკატო მომსახურების, იურიდიული კონსულტაციისა და სამართლებრივი დოკუმენტების შედგენასთან დაკავშირებული მომსახურების შესახებ. იმერეთის ბიუროების ადვოკატები და კონსულტანტები გასვლით ღონისძიებებს რეგულარულად მართავენ, რითაც ხელს უწყობენ საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებასა და სამსახურის შესახებ ინფორმირებულობის ზრდის პროცესს.