ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ბალტიის ასამბლეისა და საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომები გაიმართა.
აღნიშნულში მონაწილეობა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამაც მიიღო, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობდა.
ლიტვის სეიმში ღონისძიება აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენით გაიხსნა, რომელიც ბალტიის სამივე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებმა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაათვალიერეს.
გამოფენაზე დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართეს ლიტვისა და საქართველოს პარლამენტის სპიკერებმა.
ბალტიის ქვეყნების 28-ე ასამბლეა ლიტვის სეიმში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მონაწილეობით გაიხსნა.
ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სიტყვით გამოვიდა საქართველოსა და სუამ-ის, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის რანგში.
საუბრისას ხაზი გაესვა ბალტიის ასამბლეისა და სუამ-ის თანამშრომლობის აუცილებლობას. დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ სუამ-მა რთული პოლიტიკური გზა განვლო და რომ მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება ბალტიის ასამბლეასთან ხელმოწერილი ხელშეკრულება.
ბალტიის ქვეყნების 28-ე ასამბლეის ფარგლებში ორი დოკუმენტი გაფორმდა: სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეისა და ბალტიის ასამბლეის ერთობლივი განცხადება და ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია საქართველოში არსებული მდგომარეობის თაობაზე.
ბალტიის ასამბლეამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირა.