საქართველო არის გამორჩეული ასპირანტი ქვეყანა ნატოს ფარგლებში - ნამდვილად გასაკვირია ვინმეს მხრიდან შეშფოთება, ან რაღაც ნეგატიური პოზიციის გამოხატვა საქართველოსთან მიმართებით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, საქართველო ფაქტობრივად, ღია კარში დგას, ნატოში არ უშვებენ და სამაგიეროდ, ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, უსამართლო განცხადებებს აკეთებენ.
„ამდენი წლის განმავლობაში, საქართველო ფაქტობრივად, ღია კარში დგას და ნატოში არ უშვებენ. სამაგიეროდ, ასეთ უსამართლო განცხადებებს აკეთებენ საქართველოსთან მიმართებით. საქართველო არის გამორჩეული ასპირანტი ქვეყანა ნატოს ფარგლებში. ჩვენი კონტრიბუცია, ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის გაწირვის ფასად რაც გვიჯდებოდა, განსაკუთრებით აღსანიშნი უნდა ყოფილიყო თავად გენერალური მდივნის მხრიდან. თუმცა არა, ამ შემთხვევაში, აღნიშვნის ღირსად ჩათვალეს სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებული აქციები, სადაც პოლიცია საკმაოდ სამართლიანად და ლეგიტიმური ძალის გამოყენების ფარგლებში ახდენდა რეაგირებას. ეს იმ ქვეყნების შემხედვარე, სადაც ვხედავთ, როგორ ცხვირ-პირს ალეწავენ პროპალესტინური აქციის მონაწილეებს. ამის ფონზე, ნამდვილად გასაკვირია ვინმეს მხრიდან შეშფოთება, ან რაღაც ნეგატიური პოზიციის გამოხატვა საქართველოსთან მიმართებით. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ უსამართლობის განცდა უჩნდება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, როდესაც ამ მოცემულობას ხედავს," - განაცხადა წილოსანმა.
შეგახსენებთ,, მარკ რუტემ განაცხადა: "ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ასევე შეიძლება, გახდეს ნატო-ს წევრი, შეუძლია, სურვილი გამოთქვას და შემდეგ არსებობს პროცესი, ცხადია, მე არ ვარ გულუბრყვილო იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ და ეს მკაფიოდ ვაცნობეთ ქართველებს. გვაქვს თანამშრომლობა მათთან. ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა თავისთავად ემსახურება მიზანს ახლა იმისთვისაც, რომ დავრწმუნდეთ, გვქონდეს არხი, რომლის საშუალებითაც შეგვეძლება ჩვენი წუხილის გამოხატვა".