იტალიის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი მას შემდეგ დაიბარა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ რომის ცენტრში შუა საუკუნეების კონტის კოშკის ჩამონგრევა უკრაინისადმი იტალიის დახმარებას დაუკავშირა. ამის შესახებ სააგენტო ANSA წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც აღინიშნულია, ზახაროვამ ინციდენტი იტალიის მიერ უკრაინის მხარდაჭერას დაუკავშირა და განაცხადა, რომ „ვიდრე იტალიის მთავრობა ომზე გადასახადის გადამხდელების ფულის დახარჯვას გააგრძელებს, ქვეყანა - მისი ეკონომიკიდან დაწყებული კოშკებით დამთავრებული - დაიქცევა“.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ განცხადებას  უპასუხა, მას „ბინძური და შემაშფოთებელი“ უწოდა  და განაცხადა, რომ ეს  „ადასტურებს ვულგარულობის იმ ფსკერს, რომელშიც რუსეთის ხელმძღვანელობა ჩაეფლო“.
„იტალიაში არავის, აბსოლუტურად არავის, არასდროს მოუვა აზრად სიხარული გამოხატოს, ისპეკულიროს იმ ინციდენტით, იმ ტრაგედიით, რომელშიც ჩვენ, იტალიელი ხალხი, ჯერ კიდევ ვიმყოფებით. იტალია ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში გამოხატავს სოლიდარობასა და მეგობრობას ყველაზე სუსტების, რთულ სიტუაციაში მყოფების, თავდასხმის ქვეშ მყოფების მიმართ. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს უკრაინელ ხალხს“, - განაცხადეს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
წყაროების ცნობით, სწორედ ამიტომ, იტალიაში რუსეთის ელჩი, ალექსეი პარამონოვი, ოფიციალურად საყვედურის გამოცხადებისთვის იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
შეგახსენებთ, იტალიის დედაქალაქში შუა საუკუნეების კოშკი ჩამოინგრა, რის შემდეგაც მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი ადამიანი ამოიყვანეს. ერთი მათგანის, 64 წლის პირის მდგომარეობა მძიმეა.