აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკას „საკმარისი ბირთვული იარაღი აქვს მსოფლიოს 150-ჯერ ასაფეთქებლად“ და მას არ სურს, რომ შეერთებული შტატები „ერთადერთი ქვეყანა იყოს, რომელიც არ გამოცდის“ ბირთვულ იარაღს. ამის შესახებ მან CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ უფრო მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას. და ვფიქრობ, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ დენუკლეარიზაციის [ბირთვული იარაღის თანდათანობითი შემცირების ან სრულად აღმოფხვრის პროცესი] საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ მან ეს საკითხი ვლადიმირ პუტინთან და სი ძინპინთან განიხილა.
„ჩვენ გვაქვს საკმარისი ბირთვული იარაღი, რომ მსოფლიო 150-ჯერ ავაფეთქოთ. რუსეთს ბევრი ბირთვული იარაღი აქვს და ჩინეთსაც ბევრი ექნება“, - განაცხადა ტრამპმა.
ბირთვული იარაღის შემცირების პროცესთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებების შემდეგ, CBS News-ის ჟურნალისტმა იკითხა, თუ რატომ უნდა გამოსცადოს შეერთებულმა შტატებმა ბირთვული იარაღი?
ტრამპმა უპასუხა, რომ მას არ სურს, რომ აშშ „ერთადერთი ქვეყანა იყოს, რომელიც არ ატარებს გამოცდას“.
„რუსეთმა გამოაცხადა, რომ ჩაატარებს ცდებს.... ჩრდილოეთ კორეა ცდებს მუდმივად ატარებს. სხვა ქვეყნებიც ატარებენ ცდებს.
ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც არ ატარებს გამოცდებს და არ მინდა, რომ ჩვენ ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ ატარებს ტესტირებას,“ - აღნიშნა ტრამპმა.
„მე ვამბობ, რომ ჩვენ გამოვცდით ბირთვულ იარაღს, ისევე როგორც სხვა ქვეყნები აკეთებენ. რუსეთი ატარებს გამოცდას, ჩინეთი ატარებს გამოცდას, მაგრამ ისინი ამაზე არ საუბრობენ.
ჩვენ ღია საზოგადოება ვართ. ჩვენ განსხვავებულები ვართ. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ,“ - განაცხადა ტრამპმა.