მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დარჩენილი 12 საათის განმავლობაში ქართველმა ხალხმა საბოლოო, სამართლიანი არჩევანი უნდა გააკეთოს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ხაზარაძე ამომრჩევლებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
"12 საათში ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ ერთადერთი სწორი არჩევანი და უარი ვუთხრათ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს ამჯერად თვითმმართველობის არჩევნებში. ბრძოლის ის სტრატეგია, რომელიც ჩვენ საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელმა პროდასავლურმა პარტიამ ავირჩიეთ, არის მშვიდობიანი გზა "ქართული ოცნების" დასამარცხებლად. მივიღეთ გამოწვევა და შევედით ბრძოლის უმძიმეს ველზე, რომ არ დავტოვოთ საქართველოს მოქალაქე მარტო მოღალატე, ძალადობრივი რეჟიმის პირისპირ კიდევ რამდენიმე წელი. ამ ნაბიჯით "ძლიერი საქართველო" ვასრულებთ ქართველი ხალხის დაკვეთას და ქვეყნისთვის ისტორიულ, გადამწყვეტ მომენტში ვდგებით ხალხთან ერთად და ერთიანი ძალებით შევდივართ ამ უსამართლო და უთანასწორო ბრძოლაში. ჩვენ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივი პოზიციით და ყველა კონსტიტუციური გზით ვიბრძით ხელისუფლებიდან "ქართული ოცნების" რეჟიმის ჩამოსაშორებლად. ეს არის ბრძოლა თითოეული ქალაქისთვის და სოფლისთვის, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის და სოციალური კეთილდღეობისთვის.
გამარჯვების მისაღწევად ყველა თქვენგანის მონაწილეობა არჩევნებში უმნიშვნელოვანესია. ეს ის გარდამტეხი მომენტია, როდესაც ერთმა ხმამ შესაძლოა, გადაწყვიტოს ჩვენი ქალაქის ბედი და ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამიტომ კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით და პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ ამ გამოწვევას და 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვუთხრათ ივანიშილის რუსულ რეჟიმს "არა".
ხვალ მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას ახალი საპარლამენტო არჩევნების მისაღწევად და პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად. ასევე ქვეყნის ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად. ხვალინდელი არჩევანით ქართელმა ხალხმა უნდა მოიპოვოს ის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომლითაც ის რუსულ რეჟიმს საბოლოოდ დაამარცხებს. რეჟიმის ჩამოშლა მის სუსტ წერტილებზე ძლიერი დარტყმით ხდება. სწორედ ასეთი სუსტი წერტილია თბილისი, რომელიც "ოცნებამ" უკვე წააგო და წააგებს ხვალაც თუ ბევრი ოოპოზიციური ამომრჩეველი მივა საარჩევნო უბნებზე. თბილისის წაგება კი გახდება ის წერტილი, საიდანაც რეჟიმის ჩამოშლის შეუქცევადი პროცესი დაიწყება. თბილისმა დაინახა ამ კამპანიის დროს, რომ მას აქვს არჩევანი. ეს არჩევანი ირაკლი კუპრაძეა. ახალი თაობის და ახალი ფორმაციის ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომლის არჩევითაც ჩვენ დავასრულებთ თბილისის კორუფციულ მმართველობას, რითაც ოპოზიციური დედაქალაქი დაასრლებს რეჟიმის დასასრულს. ჩვენ ამ გზის გვჯერა, ამ გზით ვიბრძვით. შემოგვიერთდით! ერთად უნდა დავიბრუნოთ თბილისი, ერთად უნდა დავიბრუნოთ საქართველო, არასდროს დანებდეთ, მოდი ხვალ არჩევნებზე, - განაცხადა ხაზარაძემ.