1-ელ ოქტომბერს კოპენჰაგენში დაგეგმილ ევროკავშირის სამიტამდე მედიასთან საუბრისას, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ე.წ. სარეპარაციო სესხის გამოყოფა რუსული აქტივების გამოყენებით, საერთაშორისო სამართალს არ ეწინააღმდეგება.
კალასმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის ქვეყნები განიხილავენ უკრაინისთვის 140 მილიარდი ევროს ოდენობის ე.წ. სარეპარაციო სესხის იდეას, რომლის გამოყენებაც რუსული გაყინული აქტივების გამოყენებით მოხდება. მისი თქმით, ამ გეგმაზე შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.
„ვერანაირ ვადას ვერ დავასახელებ. ვეცდებით, ეს რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ან რუსეთი გადაუხდის უკრაინას მიყენებული ზიანისთვის, უკრაინა დაფარავს ევროკავშირის სესხს და რუსეთი დაიბრუნებს თავის ფულს; ან რუსეთი უარს იტყვის რეპარაციების გადახდაზე და დაკარგავს გაყინულ აქტივებს.
„საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპია, რომ ზიანის მიყენების შემთხვევაში, კომპენსაცია უნდა გადაიხადო. ამჟამად რუსეთი უკრაინას უზარმაზარ ზიანს აყენებს და არასწორი იქნება, თუ ამას ვინმე სხვა აანაზღაურებს. ფუნდამენტური პრინციპი ეს არის“, - განაცხადა კალასმა.