13 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, ქართველმა ხალხმა დაამარცხა ხელისუფლება, რომელიც ყველაფერ ქართულს ებრძოდა და სძულდა, დაამარცხა მარიონეტული რეჟიმი, რომელიც სხვების გეოპოლიტიკური, თუ სხვა ინტერესებისთვის საქართველოს პაიკად წირავდა. ეს მოხდა 13 წლის წინ, იმიტომ, რომ მაშინ ბიძინა ივანიშვილმა შეძლო, რომ თავისი მტკიცე ნებით აღსდგომოდა იმ დიქტატურას, რომელიც დამყარებული ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა,
პაპუაშვილმა შეაფასა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება „ქართული ოცნების“ 13-წლიანი მმართველობის თაობაზე.
მისი თქმით, 4 ოქტომბერსაც ქართველ ხალხს ექნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ თავისი მყარი პასუხი გასცეს „ნაცობას“, როგორც იდეოლოგიას,
„13 წლის წინ, „ნაცობა“, როგორც ხელისუფლება დამარცხდა, თუმცა „ნაცობა“, როგორც ლიბერალურ-ფაშისტური იდეოლოგიის ქართული ოფისი ჯერ კიდევ დასამარცხებელია. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორც მოქმედებს ლიბარალურ-ფაშისტური იდეოლოგია. დღეს ის არის გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვხედავთ აშშ-ში იგივე იდეოლოგიის მატარებლები, რომლებიც სიძულვილს თესავენ, მათი დამარცხებაც როგორი რთულია, მათ შორის აშშ-ში. ეს არის იდეოლოგია, რომელიც გულისხმობს სხვათა დროშების ფრიალს, სხვაგან საკუთარი ქვეყნის დასმენას, რომელიც გულისხმობს სიძულვილის თესვას და ეს იდეოლოგია ჯერ კიდევ დასამარცხებელია, მათ შორის 4 ოქტომბერს ქართველ ხალხს ექნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ თავისი მყარი პასუხი გასცეს „ნაცობას“, როგორც იდეოლოგიას, რომელიც გულისხმობს სხვების, სხვა ქვეყნების, თუ გარე ძალების ინტერესების გატარებას. ამიტომ, ჩვენი 13 წლიანი გამოცდილება აჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ „ნაცობა“, როგორც ხელისუფლება დამარცხებულია, იდეოლოგია იკვებება გარედან და ამ იდეოლოგიას ჯერ კიდევ სჭირდება დამარცხება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ უკვე დიდი ხანია მოიხსნა „ვარდისფერი სათვალე“, რომლითაც უყურებდა სამყაროს და მათ შორის, უყურებდა ევროპას.
„ჯერ კიდევ 13 წლის წინ, როდესაც ქართველმა ხალხმა ჩამოაცილა ხელისუფლებას „ნაცმოძრაობის“ მარიონეტული რეჟიმი, მაშინ როგორ გადაეფარნენ მას მისი გარე მფარველები, სააკაშვილის რეჟიმის, რომ არ აღსრულებულიყო მართლმსაჯულება. ჩვენ დღეს ვხედავთ, თუ როგორი ზეწოლაა, თუ რა მხელა ზეწოლა იყო თავის დროზე, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. მიზანი მხოლოდ ერთია- შეენარჩუნებინათ ნაკვერჩხალივით ეს სიძულვილის პარტია და სიძულვილის იდეოლოგები საქართველოში, რომ როგორც ნელი მოქმედების ნაღმი ჰყოლოდათ და საჭიროების შემთხვევაში გაეაქტიურებინათ. ამ გააქტიურებას ვხედავდით სხვადასხვა დროს, ბოლო 13 წლის განმავლობაში და დღესაც ვხედავთ, ვაკვირდებით, რომ სრულად გარედან მართული დაჯგუფებაა, რომელიც შენარჩუნებული ჰყავთ იმისთვის, რომ ვინაიდან ვერ მართავენ ხელისუფლებას მართონ ოპოზიცია და ასეთი მსგავსი დისკომფორტისა და არეულობების შექმნის მცდელობებით ხელისუფლება აიძულონ დაიყოლიონ საკუთარი ინტერესების გადატარებაში. ეს არის მუდმივი ჭიდილი. მთავარია, ერთი რამ გაიაზროს ქართველმა ხალხმა და ვფიქრობ, ბოლო 4 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო ეს ყველამ დაინახა.
ვფიქრობ, რომ ქართულმა საზოგადოებამ უკვე დიდი ხანია მოიხსნა „ვარდისფერი სათვალე“, რომლითაც უყურებდა სამყაროს და მათ შორის, უყურებდა ევროპას. ყველამ დაინახა, რომ ევროპა, ევროკავშირის, როგორც ასეთი, არ არის რაღაც წმინდანების თავყრილობა. რომელიც სხვათა ინტერესებით მოქმედებს. ყველა ძალიან მშრალი, პრაგმატული, გააზრებულ საკუთარ ინტერესებს ატარებს. ეს ჩვენ დავინახეთ უკრაინა-რუსეთის ომის დროს, როდესაც შევხედეთ, რომ არავის ევროკავშირში, არავის ბრიუსელში ჩვენი ინტერესები არ ადარდებდა. ყველამ გაგვწირა მაშინ ჩვენ რუსეთთან ესკალაციისთვის, მათ შორის გაგვწირა მათი NGO-ების და „ნაცმოძრაობის“ ხელით,როდესაც გვიბიძგებდნენ რუსეთთან ესკალაციაზე. მაშინ დაინახა ქართველმა ხალხმა წარმოდგენა, რომ თითქოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო არის ღირებულება, რომელსაც ყველა ეტრფის, სინამდვილეში ეს არის კონსტრუქცია, რომელსაც პატარა ქვეყნებს აჯერებენ, თითქოს სამყარო წესებზე დგას და სინამდვილეში, ეს არის ცივი გათვლის და საკუთარი ინტერესების გატარების იგივე პოლიტიკა, რომელიც მე-2 მსოფლიო ომამდე არსებობდა. სინამდვილეში, ამას ვხედავთ ჩვენ ყოველდღიურად, მათ შორის საქართველოს მაგალითზე, ვხედავთ, როგორ უხეშად არღვევენ საერთაშორისო წესებს, ვენის კონვენციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს მიმართა. ამიტომ, ეს არის მთავარი გაკვეთილი, რაც ქართველმა ხალხმა მიიღო ამ 13 წლის განმავლობაში, რომ თუკი გინდა იყო დამოუკიდებელი და სუვერენული, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ გაუძლო იმ ზეწოლებს, რომელიც მოდის. დამოუკიდებლობა და თავისუფლება არც საბჭოთა კავშირს უჩუქებია ჩვენთვის, მოვიპოვეთ და არც სხვა მიმართულებიდან ამას არავინ გვაჩუქებს. ყველას ყოველთვის ენდომება და ამას დღესაც ვხედავთ, რომ არის სურვილი, რომ მოგვძიძგნონ ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილი. ჩვენი მთავარი ამოცანაა,რომ არ დავთმოთ ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.