უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის დაბომბვების გამო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შვიდი დღეა ელექტროენერგიის გარეშეა და დიზელის გენერატორებზე მუშაობს, რომელთაგან ერთ-ერთი მწყობრიდან გამოვიდა.
„რუსული დაბომბვების გამო, სადგური ელექტროქსელიდან გათიშულია. ეს საგანგებო მდგომარეობაა. ელექტროენერგიით დიზელის გენერატორები ამარაგებენ. გენერატორები და სადგური ამისთვის არ არის გათვლილი და ამდენ ხანს არასდროს უმუშავიათ ამ რეჟიმში.
და ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი გენერატორი მწყობრიდან გამოვიდა“, - განაცხადა ზელენსკიმ მიმართვისას.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული მხარე ხელს უშლის სადგურამდე მიმავალი ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებას და ძირითადი უსაფრთხოების აღდგენას.
„სწორედ რუსები არიან ისინი, ვინც დაბომბვის გამო ხელს უშლიან სადგურამდე მიმავალი ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებას და ძირითადი უსაფრთხოების აღდგენას.
და ეს აბსოლუტურად ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს. მსოფლიოში არცერთ ტერორისტს არასდროს გაუბედავს იმის გაკეთება, რასაც რუსეთი ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით აკეთებს. მსოფლიომ ხმა უნდა ამოიღოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.