აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის მიერ მოსკოვის მერთან, სერგეი სობიანინთან გამართულ შეხვედრაზე ნათქვამმა ფრაზამ, "მოსკოვი - ეს ჩვენი დედაქალაქია", აფხაზეთში საზოგადოების რისხვა გამოიწვია.
რამდენიმე ხნის წინ გუდაუთაში დაახლოებით 500-მდე ადგილობრივმა რომელთა უმრავლესობა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მონაწილეა, კულტურის სახლში შეკრების დროს სერგეი ბაღაფში მწვავედ გააკრიტიკა.
საქმე ისაა, რომ 31 იანვარს მოსკოვის მერთან სობიანინთან შეხვედრის დროს ბაღაფშმა განაცხადა: "ვერავინ შეძლებს, მაიძულოს მოსკოვი ჩემს დედაქალაქად არ მივიჩნიო. მოსკოვი - ეს ჩვენი დედაქალაქია". ბაღაფშის ამ განცხადებამ რისხვა გამოიწვია აფხაზეთში, სადაც მრავალი ადამიანი არ ეთანხმება იმას, რომ აფხაზეთის დედაქალაქი რუსეთშია.
_ ნათქვამია სეპარატისტულ აფხაზეთში მოღვაწე რუსი ჟურნალისტის სტატიაში სახელწოდებით "ბაღაფში: - ფესვებიდან მწვერვალებისკენ".
სტატიაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2005 წლიდა, ანუ ხელისუფლებაში ბაღაფშის მოსვლიდან დღემდე, აფხაზეთში ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა, ეს უკანასკნელი ბოლო დროს ნაბიჯ-ნაბიჯ და თანამიმდევრულად კარგავს ავტორიტეტს მოსახლეობაში.
"მისი გაურკვეველი განცხადებები, აფხაზური ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე, საეჭვოა. ბაღაფშის მეორე საპრეზიდენტო ვადამ სკანდალების რეკორდები მოხსნა. აფხაზეთის პრეზიდენტი საბჭოური სამეურნეო ნომენკლატურის კლასიკური წარმომადგენელია. იგი ძლიერი არ არის პოლიტიკაში, სამაგიეროდ აქვს კარგი ყნოსვა კულუარულ თამაშებში. იგი საკმაოდ ეშმაკია და უბრალო და სწორი მოქმედებებით შეძლო გაემყარებინა თავისი მდგომარეობა ხელისუფლებაში. ის არც რეფორმატორია და არც რევოლუციონერი. მას არც ჰქონია მიზნად და არც სურდა ებრძოლა კორუფციასთან და "ახალი ქვეყანა" აეშენებინა. იგი სხვა გზით წავიდა. თუკი აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას დროს მთელი ეკონომიკა ერთ კლანს ეკუთვნოდა, ბაღაფშმა ამ სფეროში კონკურენტული გარემო შექმნა. საბიუჯეტო თანხები მისაწვდომი გახდა სამეურნეო კომპლექსთან მიახლოება ასობით ჩინოვნიკმა და მმართველმა შეძლო, რომელთა უმრავლესობა პრეზიდენტსა და ქვეყნის სხვა პირველ პირებზე გაცილებით მდიდარია. იმის ნაცვლად, რომ "სახალხო მეურნეობის" მმართველებად თავისი ახლობლები დაენიშნა, ბაღაფშმა უფლებამოსილებით აღჭურვა თითქმის ყველა, ვისაც უხდებოდა განსაზღვრება - "გავლენიანი ადამიანი". შედეგად, ბაღაფშმა ელიტის ერთგულება დაიმსახურა და შეძლო საპრეზიდენტო არჩევნების მოგება", _ ნათქვამია სტატიაში და იქვე აღნიშნულია, რომ "თუმცა კულუარულ თამაშებში ჩაფლულმა ბაღაფშმა, რომელმაც ამავე დროს შიდაპოლიტიკურ პროცესებში რუსეთის როლი გადააფასა დაკარგა საზოგადოებასთან ცოცხალი კავშირი და მთავარი, "აფხაზური დემოკრატიის" ზოგი ნიუანსი დაივიწყა.
ნიუანსი პირველი: "აფხაზური დემოკრატია" ეს არის კავკასიური დემოკრატიის ერთგვარი ფორმა, რომელიც აფხაზური საზოგადოების ძალიან მცირერიცხოვნობაზეა დაფუძნებული. აქ მთავარ როლს ასრულებს ნათესაური კავშირები. აქ პოლიტიკოსი შეიძლება მოისყიდო, მაგრამ მას ვერ დააშინებ, იმიტომ, რომ აქ ყველა სრულიად კონკრეტული საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს და არა აბსტრაქტული კანონისა და უფლებით. ამ სისტემის კიდევ ერთი პლიუსი მდგომარეობს იმაში, რომ მჭიდრო კავშირები პოლიტიკური ველის რადიკალიზაციის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. სწორედ ამის გამო იქნა თავიდან აცილებული სამოქალაქო ომი აფხაზეთში მაშინ, როდესაც ბაღაფშმა ხაჯიმბას საპრეზიდენტო არჩევნები მოუგო. ნათესავებისა და ახლობლების ქვეყანაში ხომ არავინ გარისკავს, ძმებს ესროლოს.
ნიუანსი მეორე: პატარა საზოგადოებაში მიწასთან და საკუთრებასთან დამოკიდებულება ძლიერად განსხვავდება დიდ სახელმწიფოებში არსებული მიდგომებიდან. თუ დიდ სახელმწიფოში ნებისმიერი რესურსი ეს აბსტრაქტული "ჩვენი მიწაა", პატარა სახელმწიფოში მიწის ყოველი ნაკუწი "თითქმის საკუთარივითაა".
ნიუანსი მესამე: ამ პატარა ქვეყანაში პრაქტიკულად ყოველ მსურველს შეუძლია და ხშირად სურს მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აქ 300 ათასი მოსახლის ქვეყანაში ხელისუფლებას შეუძლია თავს უფლება მისცეს და მოსახლეობას პირდაპირ ესაუბროს.
ნიუანსი მეოთხე: აფხაზეთი ახლა თავის ისტორიაში უნიკალურ ექსპერიმენტს გადის, როდესაც ქვეყანა საკუთარ თავს ეკუთვნის - არა რუსეთს, არა საქართველოს, თურქეთს ან სხვა ვინმეს. შესაბამისად, აქ "არ დაბრუნების" კომპლექსი" აქვთ და ძალიან მწვავედ რეაგირებენ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ საქმიანობაზე და მათ ეკონომიკურ პოლიტიკაზე", _ ნათქვამია სტატიაში და იქვე აღნიშნულია, რომ აფხაზური რეალობის სწორედ ეს დეტალები გადაავიწყდა ბაღაფშს.
"მან უცბად "წესრიგის დამყარება" და ავორიტარულობის დემონსტრირება გადაწყვიტა. იგი ყველასთან შეუთანხმებლად აფხაზეთისგან ნავთობმომპოვებელ ქვეყანას ქმნის, აძლევს რუსეთს აგარაკებს, არაფერს ამბობს რუსეთის ბანკებთან გაფორმებული კონტრაქტის პირობებზე. იგი ამბობს: "მე მივიღე გადაწყვეტილება", ისე, რომ არავის არაფერი ვკითხე და ბოლოს და ბოლოს მან გადაწყვიტა, რომ საუკეთესო მომავალი აფხაზეთისთვის საბჭოთა წარსულია.
"რაშია ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი კრიზისის მიზეზი. საზოგადოება არ არის მზად, მიიღოს სახელმწიფოს მმართველობის ის ფორმა, რომელსაც რუსეთი დაუბრუნდა. არავის სურს საბჭოურ დროში დაბრუნება", _ ნათქვამია სტატიის ბოლოს.