დღეს ადვოკატებმა ახალი გაერთიანება შექმნეს. ადვოკატთა ინიციატივით დაფუძნდა ორგანიზაცია "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის". ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, გაერთიანების შექმნის მიზანია, დამოუკიდებელ ადვოკატთა ძლიერი კორპუსის შექმნით სამართლებრივ სახელმწიფოს მშენებლობისთვის ხელშეწყობა.
ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან ადვოკატები დავით ასათიანი, დიმიტრი გაბუნია, მანანა კობახიძე, დავით ლანჩავა, როინ მიგრიაული, რუსუდან პიტავა, ზურაბ ტაბიძე, ირაკლი ყანდაშვილი, აკაკი ჩარგეიშვილი და სხვები.
სასტუმრო "რედისონში" დამფუძნებლებმა მოწვეულ ადვოკატებს გააცნეს ორგანიზაციის მიზნები, პრინციპები და პრიორიტეტები. 100-ზე მეტმა მოქმედმა ადვოკატმა შეხვედრის დასრულებისთანავე მიიღო ორგანიზაციაში გაწევრიანების გადაწყვეტილება და მემორანდუმზე ხელისმოწერით დაადასტურა, რომ იზიარებენ ორგანიზაციის საერთო პრინციპებსა და ფასეულობებს.
ორგანიზაციის დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ დამოუკიდებელ პროფესიონალ ადვოკატთა გაერთიანებით, საერთო ფასეულობების და პრინციპების პატივისცემით, ისინი შეძლებენ ერთ გუნდად მოვიდნენ ადვოკატთა ასოციაციაში და ადვოკატთა ასოციაცია გახადონ სტრუქტურა, სადაც მთავარი პრიორიტეტი იქნება ადვოკატთა პრესტიჟის ამაღლება, სამართლებრივი სისტემების და მასში შემავალი კოლეგების პატივისცემა, გადაწყვეტილებების გამჭვირვალე, გუნდური და დემოკრატიული პრინციპების დაცვით მიღება.
ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა ადვოკატს, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესი პროფესიონალიზმია, შეუერთდეს მათ, რათა ერთობლივი ძალებით შესაძლებელი გახდეს ადვოკატთა კორპუსის ძლიერ და სამართლიან გაერთიანებად ჩამოყალიბება.