დღეს, 4 თებერვალს, მიუნხენში უსაფრთხოების 46-ე კონფერენცია გაიხსნება. მას 350-ზე მეტი მაღალი დონის სტუმარი, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.
კონფერენციაზე განსახილველი საკითხებია: ახალი გამოწვევები, საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკა, მსოფლიო ფინანსური კრიზისი, კიბერ ომი, განიარაღება და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდება.
გარდა ამისა, დაზუსტებული ინფორმაციით, სააკაშვილი შვეიცარიის პრეზიდენტთან გამართავს შეხვედრას.
"ზუსტდება სხვა ორმხრივი შეხვედრების ნუსხაც", - განმარტა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, მიუნხენის ყოველწლიურ კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა.
უსაფრთხოების 46-ე კონფერენცია 6 თებერვლამდე გასტანს.