დღეს ადვოკატებმა ახალი გაერთიანება შექმნეს. ადვოკატთა ინიციატივით დაფუძნდა ორგანიზაცია "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის".
ორგანიზაციის მიზანია, პროფესია ადვოკატის გადარჩენა და დამოუკიდებელ ადვოკატთა ძლიერი კორპუსის შექმნით სამართლებრივ სახელმწიფოს მშენებლობისათვის ხელშეწყობა.
ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან ადვოკატები დავით ასათიანი, დიმიტრი გაბუნია, მანანა კობახიძე, დავით ლანჩავა, როინ მიგრიაული, რუსუდან პიტავა, ზურაბ ტაბიძე, ირაკლი ყანდაშვილი, აკაკი ჩარგეიშვილი და სხვები.
სასტუმრო "რედისონში" დამფუძნებლებმა მოწვეულ ადვოკატებს გააცნეს ორგანიზაციის მიზნები, პრინციპები და პრიორიტეტები. 100-ზე მეტმა მოქმედმა ადვოკატმა შეხვედრის დასრულებისთანავე მიიღო ორგანიზაციაში გაწევრიანების გადაწყვეტილება და მემორანდუმზე ხელისმოწერით დაადასტურა, რომ იზიარებენ ორგანიზაციის საერთო პრინციპებსა და ფასეულობებს.
ადვოკატთა ახალი ორგანიზაციის დაფუძნება განაპირობა საქართველოში არსებულმა ობიექტურმა რეალობამ. ცნობილია, რომ ადვოკატთა ასოციაციამ ვერ შეძლო ადვოკატთა კორპუსის გაძლიერების და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა ადვოკატთა ახალი გაერთიანების შექმნა, რომლის მთავარი პრინციპი იქნება აპოლიტიკურობა, სამართლიანობა, დამოუკიდებლობა და გუნდური მუშაობა.
ორგანიზაციის დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ დამოუკიდებელ პროფესიონალ ადვოკატთა გაერთიანებით, საერთო ფასეულობების და პრინციპების პატივისცემით, ისინი შეძლებენ ერთ გუნდად მოვიდნენ ადვოკატთა ასოციაციაში და ადვოკატთა ასოციაცია გახადონ სტრუქტურა, სადაც მთავარი პრიორიტეტი იქნება ადვოკატთა პრესტიჟის ამაღლება, სამართლებრივი სისტემების და მასში შემავალი კოლეგების პატივისცემა, გადაწყვეტილებების გამჭვირვალე, გუნდური და დემოკრატიული პრინციპების დაცვით მიღება.
ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა იმ ადვოკატს, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესი პროფესიონალიზმია, შემოუერთდეს მათ, რათა ერთობლივი ძალებით შესაძლებელი გახდეს ადვოკატთა კორპუსის ძლიერ და სამართლიან გაერთიანებად ჩამოყალიბება.