ქაიროს ცენტში პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შეტაკება ახალი ძალებით განახლდა. რამდენიმე ათასი ადამიანი ცენტრალურ მოედანზეა გამაგრებული და პრეზიდენტის მომხრეთა იერიშების მოგერიებას ცდილობს.
ქალაქში სროლები ისმის და დემონსტრანტთა დაცხრილვა სულ მცირე სამი წერტილიდან მიმდინარეობს. გარდაცვლილთა რაოდენობა მატულობს: "ალ-ჯაზირას" ინფორმაციით, დღეისათვის უკვე გარდაცვლილია ხუთი ადამიანი და 800 მდე დაჭრილი.
მუბარაქის ავტომატიანი მომხრეები მოედანზე შეიჭრნენ და ადამიანების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ისინი ამ დროს დილის ლოცვაზე იდგნენ. ამ ფაქტს ოპოზიციამ უკვე უწოდა "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული".
ამასთან ერთად, ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის მომხრეები დედაქალაქისკენ ავტობუსებით მიემართებიან, ისინი დანებითა და ჯოხებით არიან შეიარაღებულნი. მათი მოძრაობა ორგანიზებულია, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ მათ ლიდერები ხელმძღვანელობენ.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ბოდიში მოიხადა ქვეყანაში დაწყებული სისხლისღვრის გამო და პირობა დადო, რომ მის ინიციატორების წინააღმდეგ გამოძიებას ჩაატარებს. მან დიალოგში ჩართვა ასევე შესთავაზა ოპოზიციურ პარტიებს. რამდენიმემ ამ შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა ერთ-ერთმა მთავარმა ლიდერმა, მაგატეს ყოფილმა ხელმძღვანელმა უარი თქვა - ჯერ მუბარაკი უნდა წავიდეს.