გურიაში დიდთოვლობაა. ზოგან თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს.
აღნიშნულის გამო რეგიონში ელექტრომომარაგების პრობლემა შეიქმნა, რადგან თოვლმა სადენები დააზიანა. ადგილზე "ენერგო-პრო ჯორჯიას" ჯგუფები დღეს დილიდან მუშაობენ. როგორც ოზურგეთის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ტაკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ელექტროენერგია მთელი რეგიონის მასშტაბით დაღამებამდე აღდგება.
ამას გარდა, ტიკაძის თქმით, დიდთოვლობის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებული იყო ოზურგეთი-ჩოხატაური-სამტრედიის მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლაც, თუმცა ამ დროისთვის ისიც სრულადაა აღდგენილი.
"გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენი მთავარი მიზანია არ ჩაიკეტოს საავადმყოფოებამდე, სახანძრო სამსახურებამდე და სასიცოცხლო მნიშვნელობის სხვა ობიექტებამდე, ასევე სოფლებამდე მისასვლელი გზები. ამისთვის ადგილობრივი ტექნიკა, მათ შორის ტრაქტორები დილიდან შეუსვენებლად მუშაობენ", - განმარტა ოზურგეთის რაიონის გამგებელმა.
გურიაში ამ დროისთვისაც თოვს.