წინასწარი არჩევნების სამუშაო ჯგუფმა პრაიმერის წესების პროექტი გამოაქვეყნა. ამის შესახებ "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"24 ნოემბერს წინასწარი არჩევნების სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა. ჯგუფმა შეიმუშავა დებულების პროექტი წინასწარი არჩევნების შესახებ. წინასწარი არჩევნების დებულების მიხედვით 2010 წლის 31 მარტს ჩატარდება," - განაცხადა კუკავამ.
მისივე თქმით, პროექტის საჯარო განხილვა გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე, რის შემდეგაც შეჯერებულ ვარიანტს ხელს პრაიმერის მონაწილე პოლიტიკური პარტიების ლიდერები მოაწერენ.
"სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ოპოზიციური პარტიების გარდა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ: ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური ინსტიტუტე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო ფონდი საარჩევნო სისტემებისთვის," - განაცხადა კუკავამ.