საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გაფიცულები „საქნახშირის" გენერალურ დირექტორს მაღაროში ჩაყვნენ.
„სადუნიშვილი მართლაც გამოვიდა ამ თხოვნით მუშებთან, მაგრამ გაფიცულები მას არ გაყვნენ", - აცხადებს დოლაბერიძე - „გაფიცვა გრძელდება. ყინვის მიუხედავად, ადამიანები აქ დგანან და არსად წასვლას არ აპირებენ. ღამე აქ მორიგე ჯგუფი დარჩება, ხვალ დილიდან კი, გაფიცვა ისევ მთელი ძალით გაგრძელდება."
დღეს, 12 საათზე, გაფიცულებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი მაღაროში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულ თანამშრომლებს. შავი ლენტებით და ანთებული სანთლებით დაწყებული აქცია საგაფიცვო მიტინგში გადაიზარდა.
ამ წუთამდე, „საქნახშირის" ხელმძღვანელობა გაფიცულების მოთხოვნებთან დაკავშირებით დუმილს ინარჩუნებს.
გაფიცულების მიერ საწამოს ხელმძღვანელობისთვის წაყენებული მოთხოვნები შეეხება:
_შ.პ.ს. „საქნახშირის" თანამშრომლებთან უვადო შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას;
_შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას;
_„საქნახშირის" თანამშრომლეთა ხელფასების ინდექსაციას ინფლაციისა და ფასების ზრდის შესაბამისად;
_მაღაროში 2010-2011 წლებში დაღუპული და დასახიჩრებული მაღაროელების ფინანსური დავალიანებების დაფარვას;
_„საქნახშირში" დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებას;
_ზეგანაკვეთური თუ ჯანმრთელობისთვის საშიში შრომის შესაბამის ანაზღაურებას და სხვა.
შეგახსენებთ, რომ გაფიცვის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ტყიბულელმა მაღაროელებმა 27 იანვარს ჩატარებულ კრებაზე მიიღეს. ორშაბათს, 31 იანვარს, 16 საათზე, მაღაროელებმა ორსაათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა გამართეს.
სრულმასშტაბიანი გაფიცვის დაწყების შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ საწარმოს ხელმძღვანელები და ტყიბულის გამგეობა.