ქარელის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში მთლიანად შემოიღობება ქვენატკოცის საჯარო სკოლის ეზო და ახალსოფელში კი შეიცვლება სკოლის შენობის სახურავი და მოეწყობა 14 ცალი საბუხრე. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისთვის 41 498 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ვერელი+" ახორციელებს.
ახალსოფლის საჯარო სკოლის სახურავი მოძველებული იყო. ოთახებში წვიმის დროს წყალი ჩადიოდა, რაც აზიანებდა კედლებს და ასევე ხელს უშლიდა სასწავლო პროცესს. ქვენატკოცის სკოლის ღობე კი დაზიანებილი იყო, ნაწილი კი მთლიანად მოშლილი. განხორციელებული სამუშაოების შემდეგ ორივე სკოლაში ეს პრობლემები მთლიანად მოგვარდება.
ქარელის მუნიციპალიტეტში სულ 35 საჯარო სკოლაა. გასულ წელს მათგან ექვსს საფუძვლიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდა არასამთავრობო ორგანიზაცია ჩHF-ის მიერ. დანარჩენ სკოლებში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტით.