ლიდერები, რომლებზეც საზოგადოებამ იცის, რომ აპირებენ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, სამართლიანად არიან გისოსებს მიღმა - ვიყენებ კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ, გამოიყენონ შესაძლებლობა, ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მან ისაუბრა მიზეზებზე, რაც გახდა საფუძველი, პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერებისთვის შეეთავაზებინა შეწყალების ინსტრუმენტი, თუ დათანხმდებოდნენ არჩევნებში მონაწილეობაზე.
"იქიდან გამომდინარე, რომ, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩემმა წინამორბედმა ეს ინსტიტუტი გამოიყენა დისკრედიტაციისთვის და პოლარიზაციისთვის და დაარღვია კონსტიტუცია, დღიდან ჩემი არჩევისა, ჩემი პირველი განაცხადი იყო, რომ დავაბრუნებდი პრეზიდენტის ინსტიტუტს კონსტიტუციურ ჩარჩოებში. პრინციპში, ამ ეტაპისთვის, ეს გამომივიდა. მთავარი არის სახელმწიფოებრივი მიდგომა სახელმწიფოსთან მიმართებაში, პატივისცემა და როცა სახელმწიფო მეთაური ხარ, მაგალითი უნდა იყო უბრალო მოქალაქის, რომ შენ თავად იქნები გარანტი კონსტიტუციის და არ დაარღვევ ამ კანონს.
იქიდან გამომდინარე, რომ გველოდება თვითმმართველობის არჩევნები და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც განსაზღვრული აქვთ, რომ სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ყველა პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუციების მოვალეობაა, რომ შევქმნათ შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ ჩატარდეს სრულყოფილი არჩევნები. იმ ძალების პოლიტიკური ლიდერები, რომლებზეც საზოგადოებამ იცის, რომ აპირებენ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ამ ეტაპისთვის, სამართლიანად არიან გისოსებს მიღმა, - მათ დაარღვიეს კანონი და მოუწიათ პატიმრობა, მაგრამ მე ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს, საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ ისინი ღირსნი არიან, რომ გაიმარჯვონ არჩევნებში, რომ მათ არ ჰქონდეთ შეფერხება საარჩევნო პროცესში," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა, რომლის კომენტარსაც “რუსთავი2“ ავრცელებს.