თავად ფაქტი, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით გვემუქრებიან, უკვე თავის თავში არის მუქარის და შანტაჟის შემცველი და ემსახურება იმას, რომ რაღაცისთვის დაისაჯოს ქართველი ხალხ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ნინო წილოსანმა TV იმედის ეთერში განაცხადა.
"31 აგვისტომდე პარლამენტი არ მუშაობს, საგაზაფხულო სესია დამთავრებულია და საშემოდგომო სესია არ არის დაწყებული, და ნამდვილად გასაკვირია, ეს ვადა, ეს თარიღი რას უკავშირდება, როცა არასასესიო პერიოდზეა საუბარი.
ხომ არ უკავშირდება 31 აგვისტო წინასაარჩევნო აქტიური პერიოდის გახსნას და ხომ არ არის ეს ვადა დათქმული იმისთვის, რომ რაღაცნაირად აადუღონ ტემპერატურა წინასაარჩევნოდ და კამპანიის აქტიურ ფაზაში? რა თქმა უნდა, არის და უკავშირდება, ამაში ეჭვი არავის არ გვეპარება.
ტექნიკურად შესაძლოა, იქ იყოს რიგი საკითხები, რომლებიც შესრულებადია, და რომელიც ობიექტური და ლოგიკურია, უბრალოდ, იმდენად ერთ ქვაბშია ყველაფერი ჩაყრილი და მათ შორის, სრულიად წარმოუდგენელი მოთხოვნაა დაყენებული [ოჯახური ღირებულებების და გამჭვირვალობის] კანონების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომ ვერც ვხვდები, ტექნიკურად როგორ შეიძლება, ჩვენი შესრულების პროცესი დაეხმაროს მთლიანად ამ საკითხის გადაჭრას.
რაც მთავარია, თავად ფაქტი, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით გვემუქრებიან, უკვე თავის თავში არის მუქარის და შანტაჟის შემცველი და ემსახურება იმას, რომ რაღაცისთვის დაისაჯოს ქართველი ხალხი, რისთვის უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი, ეს ალბათ ადვილი მისახვედრია, რა არ გავაკეთეთ ამ პერიოდის მანძილზე, ესეც ადვილი მისახვედრია, და რა იარაღს იყენებენ ჩვენ წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში იმ სიკეთეს, რომელიც ვიზალიბერალიზაცია ახლავს, რა თქმა უნდა, არავინ უარვყოფთ და სწორედ ჩვენი ინიციატივა იყო და ჩვენი ხელისუფლების დროს იყო ვიზალიბერალიზაციის პროცესი შესრულებული და მიღწეული. და ამის ჩამორთმევა ყველანაირი საფუძვლის გარეშე არის დემონსტრაციულად ქვეყნის დასჯა...
...როდესაც იქეთ მხარეს მყოფი პოლიტიკოსები, უცხოელები თვლიან, რომ თუ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას შეუზღუდავენ ქართველ ხალხს, ამის გამო ქართველმა ხალხმა შესაძლოა, ნაციონალური მოძრაობა მოიყვანოს ხელისუფლებაში, ეს არის სრული უგუნურება, ვინმე თუ ამას ფიქრობს, რომ ამაზე წამსვლელია ქართველი ხალხი, ის რა თქმა უნდა, არ იცნობს ჩვენს ერს და ჩვენს ამომრჩეველს, ამიტომ გათვლა რამდენად სწორია, რა თქმა უნდა, ვერ ვიმსჯელებ ამაზე, ჩემი აზრით, არის სრულიად უგუნური გათვლა და ტაქტიკა, ამ კუთხით ქართველი ამომრჩევლის დაშინება", - განაცხადა წილოსანმა.