საქართველოს ლეიბორისტული პარტია მოუწოდებს მსოფლიოში მოქმედ ყველა დემოკრატიულ პარტიას, შეწყვიტონ ურთიერთობა მიხეილ სააკაშვილთან, "ნაციონალურ მოძრაობასთან" და სააკაშვილის მიერ უზურპირებულ პარლამენტთან.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, ზუსტად ექვსი წლის წინ, 2003 წლის 27 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა დაითხოვა ახლადარჩეული ექვსპარტიული პარლამენტი და შემდგომ ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა სათავე დაუდო არალეგიტიმურ პარლამენტარიზმს.
"ჩვენი ისტორიისათვის დღეს ჭეშმარიტად ტრაგიკული თარიღია. ზუტად 6 წლის წინ მიხეილ სააკაშვილმა არ იკმარა ძალადობრივი სახელმწიფო გადატრიალების გზით ძალაუფლების უზურპაცია და უცხოურ-სოროსული ცენტრების მხარდაჭერით მსოფლიოში მანამდე არნახული წესით ჯერ აღადგინა ვადაგასული მისგან შერისხული ე.წ შევარდნაძის პარლამენტი, ხოლო 2003 წლის 27 ნოემბერს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით დაითხოვა ახლადარჩეული ექვსპარტიული პარლამენტი, სადაც შევარდნაძეს საერთოდ აღარ ჰყავდა უმრავლესობა. ამასთან, სააკაშვილმა ხელუხლებლად დატოვა მონობისათვის მზადმყოფი იმავე რეჟიმით არჩეული მაჟორიტარ დეპუტატთა კორპუსი. შემდგომ ცატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ოფიციალურად დაუდო სათავე არალეგიტიმურ პარლამენტარიზმს და ერთპარტიულ დიქტატურას საქართველოში", _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტიდან დათხოვნილი იქნა ლეიბორისტული პარტიის 20 კაციანი ჯგუფი, მათ შორის მწერალი გოდერძი ჩოხელიც.
"პარლამენტიდან დათხოვნილი იქნა ლეიბორისტული პარტიის 20 კაციანი ჯგუფი, მათ შორის მწერალი გოდერძი ჩოხელიც, რომელიც აღნიშნულის გამო გაღრმავებული დეპრესიის შედეგად დაუსაქმებელი და უსახსროდ დარჩენილი გარდაიცვალა, მისი სიკვდილიც სწორედ რომ სააკაშვილის არარსებულ სინდისზეა", _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.