ჩვენ მოველით, რომ ფიქრის პერიოდი დასრულდება სახელმწიფო დეპარტამენტში თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩვენ ვნახავთ უფრო მეტ სიცხადეს, - ამის შესახებ განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
„მე მქონდა არაერთი კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან. მათ შორის, ბოლო კომუნიკაციას ესწრებოდა ასევე ვაშინგტონიდან წარმომადგენელი, სახელმწიფო დეპარტამენტიდან და მასაც ჰქონდა შესაძლებლობა ენახა ის შეხვედრა და ყოფილიყო მონაწილე ამ შეხვედრის. რა თქმა უნდა, საელჩო წარმოადგენს ქვეყანას და ქვეყნის ინტერესებს, რაც არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქალბატონმა ელჩმა. ერთი რამ არის კიდევ მნიშვნელოვანი, რამდენად უწყობს ხელს ეს საელჩო და ელჩი ორ ქვეყანას შორს ურთიერთობების გაძლიერებას.
ჩვენ მოველით, რომ ფიქრის პერიოდი დასრულდება სახელმწიფო დეპარტამენტში თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩვენ ვნახავთ უფრო მეტ სიცხადეს. სამწუხაროდ, ამ დრომდე, ისიც უნდა ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის მიერ მიღებული „მეგობარი აქტი“ ერთგვარად ასე იყო მოწოდებული, რომ ეს თითქოს არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიცია და ეს არ არის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია, შეიძლება ასეც მივიღოთ, თუმცა, მეორეს მხრივ, ეს არის ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ჩვენ ვნახეთ საქართველოსთან დაკავშირებით, რაც ბოლო პერიოდში განიხილა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა და მოელის სენატში განხილვებს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის კონგრესში წარდგენილი ე.წ. მეგობარი აქტის შესახებაც საუბრისას განაცხადა, რომ დოკუმენტი არ ასახავს სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას.
„ჩვენთვის „მეგობარი აქტი“ არ არის მეგობარი აქტი, ეს არ არის აქტი მეგობრობის შესახებ. ჩვენ მოველით სტრატეგიულ პარტნიორობას და არა „მეგობარი აქტის“ ჩარჩოში განსაზღვრულ იმ ურთიერთობას, რომელიც წარმოუდგენია მეგობარი აქტის ავტორს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.