რუსული რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა, მორიგ მოღალატეობრივ ნაბიჯს, მათ მხარი არ დაუჭირეს რეზოლუციას, რომელიც სირიის ახალ ხელისუფლებას მოუწოდებდა, რომ გაეუქმებინათ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების აღიარების აქტი, რადგან რეზოლუციაში საუბარი იყო ახალ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებითაც, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესები „ფეხებზე ჰკიდია“ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ფულის მოხვეჭის შესაძლებლობები დაიტოვონ.
„გასულ კვირას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა მორიგ მოღალატურ ნაბიჯს, მათ მხარი არ დაუჭირეს რეზოლუციას, რომელიც სირიის ახალ ხელისუფლებას მოუწოდებდა, რომ გაეუქმებინა და უკან გაეწვია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება და პატივი ეცათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ამ მოღალატეთა რეჟიმის წარმომადგენლებმა ამ რეზოლუციას მხარი იმიტომ არ დაუჭირეს, რომ რეზოლუციაში არის მოწოდება, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს. მათთვის მთავარია, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ, რადგან იციან, რომ მეტ-ნაკლებად სამართლიანი არჩევნების ჩატარების შემდეგ, ისინი დამარცხდებიან. მათთვის მთავარია ნებისმიერ ფასად ხელში სახელისუფლებო ბერკეტები ეჭიროთ და ჯანდაბას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესახებ მიღებული რეზოლუციები. მათ ფეხებზე ჰკიდიათ საქართველოს ინტერესები და ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ეროვნული ინტერესები. მათთვის მთავარია ფული და ძალაუფლება. ყველაფერს გააკეთებენ, რომ ფულის მოხვეჭის შესაძლებლობა დაიტოვონ, მშობელ დედასაც გაყიდიან.
ასევე, მოვისმინეთ ელჩი დანიგანის ინტერვიუც, სადაც ჩანს თუ როგორ ეპყრობიან რეჟიმის წარმომადგენლები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობრებს - ანგრევენ ათწლეულობით ნაშენებ ურთიერთობას, ნიშანდობლივია, რომ დანიგანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილის - კრიმინალური ბანდის მეთაურისთვის - პირადი ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
გიორგი ბარამიძის თქმით, ამ ყველაფრის ფონზე, უნდა გაგრძელდეს ხელისუფლებასთან შეურიგებელი ბრძოლა და პარტიებმა რუსულ სპეცოპერაციას არა უნდა უთხრან, რომლის „გასაღებაც უნდათ, როგორც ადგილობრივი არჩევნები“.
„სწორედ ამიტომ უნდა გაგრძელდეს ჩვენი შეურიგებელი ბრძოლა, ჩვენ უნდა ვუთხრათ არა რუსულ სპეცოპერაციას, რომლის გასაღებაც უნდათ, როგორც ადგილობრივი არჩევნების. უნდა ვიყოთ დარაზმულები, უკომპრომისოები, გაუტეხლები და თანმიმდევრულები. ამიტომ მავნებლობა და ქართველი ხალხის ინტერესების ღალატია პარტიების - „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია-საქართველოსთვის“ გადაწყვეტილება. მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ გონს მოეგონ და რუსული რეჟიმის თამაში არ ითამაშონ. ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არა ბრძოლაში შესვლა, არამედ „ქოცურ“ საქმესა და რუსულ სპეცოპერაციაში შესვლაა და რეჟიმის ლეგიტიმაციისთვის გადადგმული ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ ამ რეჟიმს ვერაფერი ვერ გაალეგიტიმურებს. მათი არჩევანი მცდარი და მავნებლურია.
არჩევნებზე რასაც გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი და მისი ყურმოჭრილი მონები - ცესკო, პროკურატურა, სასამართლო და ა.შ. ის ციფრები იქნება დაწერილი. ამიტომ ის მოსაზრება, რომ თბილისის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ოპოზიციურად არის განწყობილი... სწორედ ასე იყო საპარლამენტო არჩევნების დროსაც. სამწუხაროა, თუ ისინი იმას ყაბულდებიან, რომ მე-2 თუ მე-3 ადგილზე გავიდნენ და საკრებულოში თავიანთ წარმომადგენლებს ხელფასები დაენიშნოთ. თავის თავსაც ღალატობენ და ხალხსაც. ის, რაც დაგეგმილია 4 ოქტომბერს, არჩევნები არ არის“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.