ეუთო/ოდირი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაცია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის შემზღუდავ კანონმდებლობასა და მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებებთან დაკავშირებით.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რვა წამყვანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს, რომელთა უმრავლესობას პატიმრობა მიუსაჯეს. ასევე, ბოლო თვეებში ათეულობით მომიტინგე დააკავეს.
„ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ბოლოდროინდელ დაკავებებსა და გასამართლებებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, რომელიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ მუშაობას. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები დემოკრატიისა და კანონის უზენაობის საფუძველია“, – აღნიშნულია ეუთო/ოდირ-ის დირექტორის, მარია Tელალიანის განცხადებაში.
ამასთან, ეუთო/ოდირი კვლავ მზადაა, სადამკვირვებლო მისია გაგზავნოს, თუ ხელისუფლება დროულად გააგზავნის მოწვევას, გამჭვირვალობისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით.
„დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი კვლავ ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას და ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ჩვენს ხანგრძლივ თანამშრომლობას როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ხელი შევუწყოთ დემოკრატიული მმართველობისა და ყველასთვის ადამიანის უფლებების გაძლიერებას“, - განაცხადა მარია თელალიანმა.