აფხაზეთს აქვს მაღალი ხარისხის ნავთობის მარაგი, რომლის მოძიების სამუშაოებსაც ამჟამად კომპანია "როსნეფტი" აწარმოებს. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა გაზეთ "მოსკოვსკიე ნოვოსტისათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. შეგახსენებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში უკვე რამდენიმე დღეა მოსკოვში იმყოფება.
"ჯერ ისინი ("როსნეფტი") საძიებო სამსახურს ატარებენ, არის ასეთი აფეთქების მეთოდი, როდესაც სეისმიკის მეშვეობით განისაზღვრება ნავთობის შემადგენლობა. ჯერ კიდევ საბჭოური გეოლოგოდაზვერვის ინფორმაციით, გუდაუთიდან სოხუმამდე არის უმაღლესი ხარისხის ნავთობის დიდი ლინზა", _ განაცხადა ბაღაფშმა.
მისივე თქმით, "როსნეფტის" ხელმძღვანელმა სერგეი ბოდგაჩნიკოვმა და "აფხაზტოპის" გენერალურმა დირექტორმა მერაბ დზიაპშბამ 2010 წლის 24 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას და შპს. "როსნეფტ-აბხაზია" შექმნეს, რომლის 51 % "როსნეფტს" ეკუთვნის, ხოლო 49 % აფხაზეთის ხელისუფლებას.
ამავე დროს, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში უარყოფს თბილისის პრეტენზიებს, რომელიც ამ შელფს თავის ტერიტორიად მიიჩნევს.
"არც არავინ არ მიიჩნევს ამ შელფს ქართულად. ჩვენ ახლა შევადგინეთ რუკა და მონიშვნებიც გავაკეთეთ. ეს ჩვენს საზღვარსაც ეხება და ჩვენს ეკონომიკურ ზონასაც. ამ დღეებში ყველაფერს ამას ჩვენი მთავრობის სხდომაზე და პარლამენტში დავამტკიცებთ. ქართველებს კი შეუძლიათ კიდევ 100 წელი იფიქრონ, რომ ეს შელფი მათია. გაიგონეთ რა თქვა სააკაშვილმა ახლახანს? რომ ქართველებისათვის აფხაზეთი აღქმული მიწაა და რომ იგი მას სიზმარში ხედავს და ძილშიც და დილითაც ტირის და რომ მომავალი წლის შეხვედრას იგი სოხუმში აპირებს? როგორ თავსდება მის მიერ გაკეთებული ეს განცხადებები, ასევე მის მიერ ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებთან, რომელთა მიხედვით მან, თეთრმა მშვიდობის მტრედმა განაცხადა, რომ მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდით აპირებს მოქმედებას?", _ აცხადებს ბაღაფში.
ეხება რა შელფის დამუშავებისას უსაფრთხოების საკითხს ბაღაფში აცხადებს, რომ პრინციპი ერთი უნდა იყოს რეგიონის ყველა ქვეყნისათვის: ან მუშაობს ყველა ქვეყანა ან არცერთი.
"როდესაც მეუბნებიან, რომ აფხაზეთის ეკოლოგია დგება საფრთხის ქვეშ, ვპასუხობ: არც მე ვარ ჩემი ხალხის მტერი. დღეისათვის შავ ზღვაზე 130 პლატფორმამდე მუშაობს. საქართველოში ექვსი კომპანია მუშაობს, თურქები მუშაობენ, ბულგარელები, რუმინელები, უკრაინელები, რუსებიც მუშაობენ ანაპასთან და ტუაფსესთან. ჩნდება კითხვა: თუ ყველა ირგვლივ მუშაობს, მხოლოდ აფხაზეთმა უნდა შეინარჩუნოს შავი ზღვის ეკოლოგია? კარგია, მაგრამ ასე არ გამოვა. ჩვენ ვიწყებთ მუშაობას. მაგრამ თუკი ყველა შეიკრიბება და იტყვის - ეს შავი ზღვაა, ეს ეკოლოგიაა და ჩვენი შვილების მომავალია - მე პირველი მივცემ ხმას ამას და ამაზე დავასრულოთ", _ განაცხადა ბაღაფშმა.