საქართველოს მაცხოვრებლებმა აფხაზეთში საკუთარი სახლების დაბრუნებაზე პრეტენზია მხოლოდ მაშინ შეიძლება გამოაცხადონ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს ჩვენთვის მიყენებულ ზარალს გადაიხდის 13 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით.
ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა გაზეთ "მოსკოვსკიე ნოვოსტისათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. შეგახსენებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში უკვე რამდენიმე დღეა მოსკოვში იმყოფება.
"გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიყავი, იქ ძალიან ბევრი ქართველის განაცხადია შესული: ანუ ჩვენ რუსეთის მოქალაქეები ვართ, გვაქვს პასპორტი და რით განვსხვავდებით რუსებისგან, რომლებსაც აფხაზეთის ხელისუფლება ბინებს უბრუნებს აფხაზეთში?", _ განაცხადა ბაღაფშმა.
ბაღაფში ასევე აცხადებს, რომ ამ ქართველების პრეტენზიებზე პასუხი, რომლებმაც აფხაზეთი 1993 წელს დატოვეს "ძალიან მარტივია".
"საქართველომ ჩვენ ომით ზარალი მიგვაყენა. ჩვენ ჯერ კიდევ 1996 წელს დავასახელეთ ჩვენი ფასი, ისევე როგორც საქართველო ასახელებს ახლა თავის ფასს სამხრეთ ოსეთის მოვლენებთან დაკავშირებით და 21 თუ 22 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს. ჩვენ 1996 წელს მოვითხოვეთ 13 მილიარდი აშშ დოლარი აფხაზეთისათვის მიყენებული ზარალის სანაცვლოდ. აი როდესაც საქართველო გადაგვიხდის ჩვენ ამ 13 მილიარდს, ჩვენ მზად ვართ თქვენ, ჩვენო ძვირფასებო ყველაფრის კომპენსაცია აგინაზღაუროთ", _ განაცხადა ბაღაფშმა.
შეეხო რა აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების ქონებრივ საკუთრებას, ბაღაფშმა განაცხადა, რომ მოქმედებს რუსულ-აფხაზური კომისია, რომელიც ამ საკითხს განიხილავს და უკვე კომისიის მიერ განხილულია 46 საქმე, მათგან 6 კი საფუძვლის მქონედაა აღიარებული.
"ამჟამად მუშაობს კომისია, რომლის თავმჯდომარეც მე ვარ, რუსული მხრიდან ამ კომისიაში შედის რუსეთის ელჩი, კომისიის წევრები ასევე არიან ჩვენი და რუსეთის გენპროკურატურის წარმომადგენლები. პირველი 46 საქმე უკვე განვიხილეთ. არის უსაფუძვლო საქმეები და ისინი გვერდზე იდება, ასერი საქმეები, რომლებიც ხელახლა იგზავნება სასამართლოში. 6 საქმე კი საფუძვლის მქონედ ვაღიარეთ და ამ ადამიანებს ან საცხოვრებელს მივცემთ ან კომპენსაციას. სიმართლისათვის ისიც უნდა ითქვას, რომ იმ ადამიანების 90 % რომლებსაც დღეს ეს სარჩელები შეაქვს აფხაზეთში დაბრუნებას და იქ ცხოვრებას არ აპირებს. მათ სურთ საცხოვრებლის მიღება და შემდეგ მისი კარგ ფასად გაყიდვა", _ აცხადებს ბაღაფში.
მასალის გამოყენების პირობები