27 ნოემბერს, საჯარო რეესტრის თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილმა საჯარო რეესტრში საგადასახადო ორგანოებიდან სამეწარმეო რეესტრის გადმოტანასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
2010 წლის 1 იანვრიდან მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრს, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექციის ნაცვლად, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
აღნიშნული სიახლე საინფორმაციო ბაზის მნიშვნელოვან დახვეწას, სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივებას, ინფორმაციის საჯაროობას და „ერთი ფანჯრის პრინციპის" დანერგვას ემსახურება.
საკანონმდებლო ცვლილებები ‘'საჯარო რეესტრის შესახებ" და „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში, სამოქალაქო კოდექსსა და მომიჯნავე საკანონმდებლო აქტებში შევიდა.
საკანონმდებლო ცვლილები 2 ეტაპად განხორციელდება: მოსამზადებელ ეტაპზე, ცვლილებების დამოუკიდებელი რეგისტრატორებისა და საწარმოთა დირექტორების მიერ მოხდება შპს-ებში წილების და პარტნიორების შესახებ ინფორმაციის ეტაპობრივი მოწოდება შემდეგი სქემის მიხედვით:
პირველ ეტაპზე, 2009 წლის 1 დეკემბრამდე, შპს-ებში წილებსა და პარტნიორებთან დაკავშირებული ინფორმაციის არქივი და ელექტრონული მონაცემთა ბაზა დამოუკიდებელი რეგისტრატორებისა (რომლებიც არეგისტრირებელ წილებს და ფასიან ქაღალდებს) და საწარმოთა დირექტორების მიერ გადმოეცემა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
მეორე ეტაპზე, 2010 წლის 1 იანვრიდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის წარმოებას დაიწყებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა, საგადასახადო ორგანოების ნაცვლად საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებს უნდა მიმართონ.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მოიხსნება ტერიტორიული შეზღუდვა. დღემდე, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მსურველ პირებს განცხადებით უნდა მიემართათ საგადასახადო ორგანოს 9 რეგიონული სერვისცენტრიდან ერთ-ერთისთვის, მისი იურიდიული მისამართის მიხედვით. ვინაიდან აღნიშნული სერვისცენტრები განთავსებულია ქვეყნის მხოლოდ დიდ ქალაქებში, მომსახურების ამგვარი ფორმა გარკვეულ დისკომფორტს უქმნის სხვა ქალაქსა თუ რაიონში მაცხოვრებელ პირებს.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მოიხსნება ტერიტორიული შეზღუდვა. დღემდე, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მსურველ პირებს განცხადებით უნდა მიემართათ საგადასახადო ორგანოს 9 რეგიონული სერვისცენტრიდან ერთ-ერთისთვის, მისი იურიდიული მისამართის მიხედვით. ვინაიდან აღნიშნული სერვისცენტრები განთავსებულია ქვეყნის მხოლოდ დიდ ქალაქებში, მომსახურების ამგვარი ფორმა გარკვეულ დისკომფორტს უქმნის სხვა ქალაქსა თუ რაიონში მაცხოვრებელ პირებს.
საკანონმდებლო ცვლილებებით მნიშვნელოვნად მარტივდება სარეგისტრაციო მომსახურების ან ინფორმაციის მიღების პროცედურა. განცხადების წარდგენა და დოკუმენტაციის მიღება უკვე შესაძლებელი იქნება არა ფინანსთა სამინისტროს 9 რეგიონულ სერვისცენტრში, არამედ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელიც თავის საქმიანობას 68 ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მეშვეობით ახორციელებს. რეგისტრაცია და ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელი იქნება საჯარო რეესტრის 300-მდე ავტორიზებულ მომხმარებელთან ან ინტერნეტის მეშვეობით.
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ამოქმედდება ასევე მომსახურების ახალი ვადები და საფასური. თუკი აქამდე სარეგისტრაციო მომსახურების საფასური 360 ლარამდე მერყეობდა, 1 იანვრიდან ეს გადასახადი შეადგენს 100 ლარს (მომსახურების მიღება განცხადების წარდგენიდან 1 სამუშაო დღეში). ასევე ამოქმედება დაჩქარებული სარეგისტრაციო მომსახურება (ანუ რეგისტრაცია განცხადების წარდგენისთანავე და მისი ღირებულება შეადგენს 200 ლარს ).
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, რეგისტრაციისთვის სავალდებულო ხდება სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა წესდების, როგორც სავალდებულო დოკუმენტის, წარდგენა. წესდება, ისევე, როგორც ყველა სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტი, ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტის მეშვეობით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება სწრაფად და მარტივად მოიპოვოს ინფორმაცია სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა საქმიანობის, მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის, ოფიციალური წარმომადგენლებისა და მათი უფლებამოსილების შესახებ.
საკანონმდებლო ცვლილებებით აღდგება ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოებში პარტნიორთა წილების რეგისტრაცია, რაც აისახება სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერში და უზრუნველყოფს შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოებში წილების მიმოქცევის გამჭვირვალობას.
აღნიშნული ცვლილებები აგრეთვე ხელს შეუწყობს სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის ერთიანი ელექტრონული ბაზის სრულყოფას და მათი საქმიანობის საჯაროობას