უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უპილოტო კომპონენტში ინვესტირებას ახორციელებს და უკრაინის წინააღმდეგ დრონებით თავდასხმების რაოდენობის გაზრდას გეგმავს.
„მე ვისაუბრებ პარტნიორებთან უკრაინაში ახალი ინვესტიციების შესახებ. პრიორიტეტი ენიჭება დრონებს, ჩამჭრელ დრონებს და შორ მანძილზე მოქმედ დამრტყმელ დრონებს. რა თქმა უნდა, ეს არის ფრონტი და ეს არის ყველაფერი, რაც საჭიროა ჩვენი ჯარისკაცებისთვის ფრონტის ხაზზე, ყველაფერი, რაც რეალურად აფერხებს რუსეთის თავდასხმებს.
მადლობელი ვარ ყველა უკრაინელი დრონის მწარმოებლის - ყველა დეველოპერის, ყველას, ვინც ახლა ცდილობს აქტიურად განავითაროს ეს მიმართულება. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია.
რუსეთი ინვესტირებას ახორციელებს უპილოტო კომპონენტში, რუსეთი გეგმავს ჩვენ ქვეყანაზე დრონებით თავდასხმების რაოდენობის გაზრდას. ჩვენ ვამზადებთ წინააღმდეგობას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზანი საჰაერო თავდაცვის სისტემების სისტემური წარმოების მიღწევაა.