აზერბაიჯანმა უარი თქვა რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსეი ოვერჩუკის მიღებაზე ეკატერინბურგში მისი დიასპორის წარმომადგენლების მიმართ რეიდების გამო, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დააკავეს და ორი მოკლეს.
მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერის ვიზიტი, რომელიც ივნისის ბოლოს იყო დაგეგმილი, გაუქმდა.
„არსებულ ვითარებაში, აზერბაიჯანული მხარე ოვერჩუკის ან სხვა რუსი ოფიციალური პირების ვიზიტს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს“, - განუცხადა წყარომ აზერბაიჯანულ გამოცემას.
გაუქმდა კონცერტები, სპექტაკლები, ფესტივალები, გამოფენები და სხვა სახის კულტურული ღონისძიებები, რომელთა ორგანიზება რუსეთთან ერთად იგეგმებოდა.
ამას გარდა, გაუქმდა მილი მეჯლისის, ანუ აზერბაიჯანის პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი, რომელიც რუსეთში უნდა გამართულიყო.
ამის მიზეზად დასახელდა „ეკატერინბურგში ეთნიკური ნიშნით აზერბაიჯანელების წინააღმდეგ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დემონსტრაციული, მიზანმიმართული, სასამართლოს გარეშე მკვლელობები და ძალადობის აქტები“.
აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროში განაცხდეს, რომ „ბოლო დროს, ასეთმა შემთხვევებმა სისტემატური ხასიათი მიიღო“.
მედიის ცნობით, 27 ივნისს ეკატერინბურგში აზერბაიჯანის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. გავრცელებული ცნობების მიხედვით, დაკავებულები დაკავშირებული იყვნენ იუნის პაშაევის მკვლელობის საქმესთან, რომელიც 2001 წელს მოხდა. რეიდების დროს ორი ადამიანი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, მთავარი ეჭვმიტანილები, ძმები ჰუსეინ და ზიადდინ საფაროვები შეუძლოდ გახდნენ პოლიციის ვიზიტის შემდეგ. აზერბაიჯანული მედია Trend-ი წერდა, რომ ორივე ძმა მკვდარია.
აზერბაიჯანის მოქალაქეების წინააღმდეგ მოწყობილი რეიდების გამო ბაქოში, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული და მას მომხდართან დაკავშირებით "კატეგორიული პროტესტი" გამოუცხადეს. ასევე უთხრეს, რომ რუსეთისგან საქმის "დაუყოვნებლივ გამოძიებასა" და დამნაშავეების "უმოკლეს დროში" დასჯას ელოდნენ.