გერმანიის ელჩმა მისი გუშინდელი სოლიდარობის აქტის გამართლების მცდელობისას დაადასტურა, რომ მას ელენე ხოშტარიასთვის შიმშილობის შეწყვეტა არ ურჩევია და მხოლოდ ემპათიის გამოსახატვაად მივიდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, თუ ელჩი „თანაუგრძნობს ხოშტარიას მიზანს, ამ აქტით აიძულოს ოპოზიცია, ბოიკოტი გამოუცხადოს თვითმმართველობის არჩევნებს, ეს დიპლომატიური კატასტროფაა“.
ამასთან, პაპუაშვილი აცხადებს, „ვენის კონვენციის“ მიერ დიპლომატებისთვის დაწესებული აკრძალვა, რომ არ ჩაერიონ საშინაო საქმეებში, უპირველეს ყოვლისა, მათსავე დაცვას ემსახურება წინდაუხედავი და მათთვისვე საზიანო ქცევისგან.
„რასთან დაკავშირებით შეიძლებოდა ემპათია, ანუ თანაგრძნობა გამოეხატა ელჩს? შიმშილობის, როგორც პროტესტის ფორმის თუ ამ ფორმით დაყენებული მოთხოვნის მიმართ?
თუ მას ფორმის მიმართ აქვს თანაგრძნობა, ანუ როდესაც ადამიანი საკუთარი თავის დაზიანების მუქარით სხვის იძულებას ცდილობს, ეს მორალური კატასტროფაა. განა მორალურია, მიხვიდე ადამიანთან, რომელსაც საფეთქელზე იარაღის აქვს მიბჯენილი და თანაგრძნობით შემოიფარგლო? სწორედ ეს არის ადამიანის სიცოცხლის ინსტრუმენტალიზება, ანუ მისი სიცოცხლის, როგორც მიზნის მიღწევის საშუალებად წარმოჩენა და არა თვით მიზნად, რაც გერმანიის კონსტიტუციის პირველივე მუხლით დაცული „ადამიანის ღირსების” შელახვაა.
ხოლო, თუ ელჩი შინაარსს თანაუგრძნობს, ანუ ხოშტარიას მიზანს, ამ აქტით აიძულოს ოპოზიცია, ბოიკოტი გამოუცხადოს თვითმმართველობის არჩევნებს, ეს დიპლომატიური კატასტროფაა. თუმცა, მისი ბოლოდროინდელი პოლიტიკური აქტივობების გათვალისწინებით, ამაში არც არაფერია გასაკვირი.
„ვენის კონვენციის” მიერ დიპლომატებისთვის დაწესებული აკრძალვა, რომ არ ჩაერიონ საშინაო საქმეებში, უპირველეს ყოვლისა, მათსავე დაცვას ემსახურება წინდაუხედავი და მათთვისვე საზიანო ქცევისგან“,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ რუსთაველის გამზირზე, სადაც „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე შიმშილობენ, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მივიდა.